2-06-2023
2022 წელს, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამისა და მისი მხარდამჭერი პროექტის - "Log-in Georgia"-ს ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, კომუნიკაციების კომისიის აქტიური ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა.
კერძოდ, გასულ წელს, ComCom-ის მხარდაჭერით, კომპანია "ოუფენ ნეტმა" ქობულეთში 50 კილომეტრამდე ოპტიკური ქსელი მოაწყო, რომელიც 10 500 მოსახლისთვის და კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის, ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ასევე, წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე აშენებული ინფრასტრუქტურა 140 კილომეტრიან ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს მოიცავს და საერთო ჯამში, 11 000 მოქალაქეს ხარისხიან ინტერნეტთან, მაუწყებლობასა და სხვა ციფრულ სერვისებთან წვდომის საშუალებას აძლევს. ოპტიკური ქსელის მშენებლობა ასევე დაიწყო ტყიბული-ამბროლაური-ონის, ჩოხატაური-სამტრედიისა და ქობულეთი-ხელვაჩაურის მიმართულებებით. აღნიშნული გეოგრაფიული არეალები ერთობლივად 570 კილომეტრიან ინფრასტრუქტურას და 68 000 ადამიანისთვის შექმნილ ახალ შესაძლებლობას გულისხმობს.
გარდა ამისა, ინტერნეტიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად, კომუნიკაციების კომისიამ წარმატებით დაიწყო "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებაც, რომელიც მოსახლეობაში ინტერნეტის პოპულარიზაციას, ციფრული ცნობიერების ამაღლებასა და ინტერნეტ სერვისებით სარგებლობის ხელშეწყობას ემსახურება. პროგრამის ფარგლებში, კომისიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30 თემატური სემინარი ჩაატარა და 350 ბენეფიციარი ელექტრონული ფოსტით სარგებლობაში, ინფორმაციის მოძიებაში, ასევე, საკომუნიკაციო პლატფორმების, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა.
შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 1,000-მდე სოფელს და 500,000 მოქალაქეს, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს მაღალხარისხიანი ინტერნეტით და სხვადასხვა ციფრული სერვისით.