2-06-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შვეიცარიის კონფედერაციის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
დელეგაციას შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი ეკონომიკურ საკითხებში ჰელენ ბუდლიგერი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ შვეიცარიასთან დიპლომატიური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, როგორც სოფლის მეურნეობის ასევე, გარემოსდაცვითი მიმართულებით შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობის საკითხი და ჰელენ ბუდლიგერს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის.
როგორც შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მყარ საფუძველს წარმოადგენს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარიზის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულების მნიშვნელობის საკითხს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.