5-06-2023
ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აშუქებენ, ჩართულები არიან ხანგრძლივ კონფლიქტში უკრაინის ხელისუფელბასთან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, იყენებს წვდომასა და აკრედიტაციას ჟურნალისტური მასალების ფორმირებისთვის. ამის შესახებ გამოცემა Semafor-ის სტატიაში ამერიკელი ჟურნალისტი ბენჯამინ სმიტი წერს.
„NBC News-ის, The New York Times-ის, CNN-ის, The New Yorker-ისა და უკრაინული Hromadske-ს ჟურნალისტურმა მასალებმა გამოიწვია ის, რომ უკრაინულმა საზედამხედველო ორგანოებმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერეს ან უარი თქვეს აკრედიტაციის გაცემაზე, მიზეზად კი წესების დარღვევა დაასახელეს.
კონფლიქტმა საჯარო სივრცეში მაისის ბოლოს გადაინაცვლა, როდესაც ცნობილმა უკრაინელმა ფოტოგრაფმა მაქსიმ დონდიუკმა Instagram-ზე დაწერა, რომ შეიარაღებული ძალების პრესსამსახური მას აკრედიტაციის გაუქმებით ემუქრება იმის გამო, რომ New Yorker-ის სტატიაში გამოქვეყნდა მისი ფოტოები, სადაც სანგრებში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების ცხოვრებაა ასახული.
„ხელისუფლება იძლევა მხოლოდ პრესატაშეს თანდასწრებით პრესტურის ჩატარების ნებართვებს, სადაც სამხედროები კამერების წინ პოზირებენ და რეალური სიტუაციის ჩვენება ეშინიათ“, - დაწერა დონდიუკმა პოსტში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.
უკრაინის ხელისუფლება ამოწმებს ჟურნალისტებს და გასცემს საშვებს, რომლითაც მედიის წარმომადგენლებს კონკრეტულ რაიონებში გამგზავრება შეუძლიათ, სადაც ისინი იღებენ ინტერვიუს ოფიციალური პირებისგან, ამის შემდეგ ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლითაც პირობას დებენ, რომ სამხედროების მიერ დადგენილ წესებს დაიცავენ.
უკრაინული მხარის განსაკუთრებული რისხვა გამოიწვია New York Times-ის რეპორტიორმა თომას გიბონს-ნეფმა, ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები აკრძალულ კასეტურ ბომბებს იყენებენ.
ასეთი კონფლიქტები ძირითადად კულისებს მიღმა რჩება, რადგან აკრედიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნიდან რეპორტაჟების მომზადებისთვის და ჟურნალისტები შიშობენ, რომ საჯარო კონფლიქტმა შესაძლოა კიდევ უფრო შეუზღუდოს მათი წვდომა ინფორმაციაზე. დასავლური და უკრაინული მედიაორგანიზაციების ჟურნალისტების უმეტესობა, რომლებსაც ასეთი კონფლიქტები ჰქონიათ, მომხდარზე ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს.
„უცხოელ კორესპონდენტებთან შედარებით, უკრაინელი ჟურნალისტები უფრო მძაფრ ზეწოლას განიცდიან, რათა წარმოადგინონ ოპტიმისტური შეხედულება იმ კონფლიქტის შესახებ, რომელშიც იღუპებიან მათი მეგობრები და ოჯახის წევრები“, - აცხადებს Hromadske-ს კორესპონდენტი ნასტია სტანკო.
ინფორმაცია ყოველთვის წარმოადგენდა ომის იარაღს და ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა ვირტუოზულად ჰყვება ქვეყნის ისტორიას“, - წერია სტატიაში.
ბენჯამინ სმიტი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც გამოცემა Semafor-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლიდან 2022 წლამდე ის გაზეთ The New York Times-ის კოლუმნისტი იყო. 2011 წლიდან 2020 წლამდე კი BuzzFeed News-ის მთავარი რედაქტორი.