5-06-2023
ირლანდიის კომუნიკაციების კომისიის (ComReg) ორგანიზებით, ComCom-ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ირლანდიის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სექტორის სტრატეგიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით შეხვდნენ. შეხვედრების მთავარ თემას ციფრული და სატელეკომუნიკაციო პოლიტიკის მიმართულებით, ირლანდიის უნიკალური გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე გაეცნო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიც ირლანდიის ეროვნული ფართოზოლოვანი პროგრამა, ქვეყნის ერთიანი ციფრული სტრატეგია, ინდუსტრიული განვითარების სააგენტოს გამოცდილება და ასევე, საკაბელო ინფრასტრუქტურის მშენებლობის განახლებული რეგულაციებია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიების - "Vodafone"-ისა და "Google"-ის წარმომადგენლებიც.
ComCom-ისთვის საერთაშორისო პრაქტიკების გაზიარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ციფრული შესაძლებლობების განვითარებისა და რეგიონში მოწინავე პოზიციის დამკვიდრებისთვის. საქართველოს პოტენციალი - გახდეს ციფრული ჰაბი სამხრეთ კავკასიაში, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის, არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ჰარმონიზებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ჩარჩოს მეშვეობით გახდება შესაძლებელი.