5-06-2023
„როდესაც ასეთი ფაქტები არსებობს და დანაშაულისთვის გამოტანილია სასჯელი, ამას კი ემატება BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, ხომ შეიძლება, რაღაც სანქცია მიუსადაგონ კეზერაშვილსაც, თუკი სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, თვეების განმავლობაში უზღუდავენ წვდომას საკუთარ სახსრებთან მიუხედავად არაერთი მოგებული სასამართლო პროცესისა?! ისეთი სანქციები უნდა მოიფიქრონ, რომ შეზღუდონ კეზერაშვილის წვდომა მის საეჭვო ხასიათის თანხებთან, საიდანაც ზოგი ბიუჯეტის, ზოგი საერთაშორისო დონორების, ზოგიც - ევროპელი პენსიონერების ძარცვიდან აქვს მიღებული“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, თუკი უდანაშაულო ადამიანებს უწესებენ სანქციებს და უზღუდავენ საკუთარ ქონებაზე წვდომას, მაშინ მრავალ დანაშაულში მხილებული კეზერაშვილისთვისაც უნდა გამოიძებნოს რაიმე სახის სანქცია.
„BBC-ის გამოძიებამდე, მოდი, გავიხსენოთ გამამტყუნებელი სასჯელი, რომელიც უკვე შეფარდებული აქვს კეზერაშვილს იმ ერთ ეპიზოდში, რომელიც ეხება თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ერთ-ერთი სწავლებისთვის გამოყოფილი თანხის მთლიანად ოფშორულ ზონაში გადასროლის ფაქტს.
მე არ მაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმ 6, თუ 10 მილიონიდან, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო ეს განუხორციელებელი სამხედრო სწავლებები, რამდენი იყო საბიუჯეტო სახსრები და რამდენი - ჩვენი საერთაშორისო დონორების მიერ წვრთნისა თუ აღჭურვის პროგრამით ჩარიცხული თანხა, რომელიც ასევე გაქრა პოლიგონიდან და აღმოჩნდა კეზერაშვილის ერთ-ერთ ოფშორულ ანგარიშზე.
როდესაც ასეთი ფაქტები არსებობს და დანაშაულისთვის გამოტანილია სასჯელი, ამას კი ემატება BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება, ხომ შეიძლება, რაღაც სანქცია მიუსადაგონ კეზერაშვილსაც, თუკი სრულიად უდანაშაულო ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, თვეების განმავლობაში უზღუდავენ წვდომას საკუთარ სახსრებთან მიუხედავად არაერთი მოგებული სასამართლო პროცესისა?! ისეთი სანქციები უნდა მოიფიქრონ, რომ შეზღუდონ კეზერაშვილის წვდომა მის საეჭვო ხასიათის თანხებთან, საიდანაც ზოგი ბიუჯეტის, ზოგი საერთაშორისო დონორების, ზოგიც - ევროპელი პენსიონერების ძარცვიდან აქვს მიღებული.
ახლა კი ერთ-ერთი ამერიკული ლობისტური კომპანიის მეშვეობით ამ ფულის გათეთრება მიმდინარეობს. რომელ ორმაგ სტანდარტზე შეიძლება, ჩვენ, ქვეყანამ, სადაც „დემოკრატიის უკუსვლაა“, სადაც „დახარვეზებული“ დემოკრატია გვაქვს, თურმე, ვესაუბროთ ქვეყანას, რომლის წარმომადგენლებიც მთელს მსოფლიოს ტრენინგებს უტარებენ იმის შესახებ, თუ რა არის სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება. მრცხვენია, ახლა ამას რომ ვახსენებ ქვეყანას, რომელშიც ზუსტად „რუსული კანონის“ მეშვეობით გახდა ცნობილი ლობისტური საქმიანობისთვის გადახდილი უამრავი თანხა, რომელიც გიული ალასანიამ გადაუხადა კომპანია „აკერმანს“.
ახლა კი გვაქვს უკვე მეორე შემთხვევა, სადაც პირველ ეტაპზე ჩანს ნახევარი მილიონი, მაგრამ თუკი ფულის გათეთრების სქემასთან გვაქვს საქმე, ეს თანხა თანდათანობით გაიზრდება. აბსოლუტურად უდანაშაულო მოსამართლეებს სანქციებს უწესებენ, აბსოლუტურად უდანაშაულო ბიძინა ივანიშვილს საკუთარ თანხებთან წვდომას უზღუდავენ. ამ ადამიანის მიმართ კი უკვე გამოტანილია განაჩენი, რომ უნდა იყოს ციხეში, ავტორიტეტული BBC-ის ფურცლებიდან ვიგებთ იმის შესახებ, თუ რა სქემით მიმდინარეობს ევროპაში პენსიონერების ძარცვა.
მეტი რა უნდათ?! ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე აღარ არის ჩვენი სირცხვილი. კეზერაშვილი უკვე გასცდა საქართველოს სირცხვილს, ეს უკვე საერთაშორისო - ევროპელების, ამერიკელების სირცხვილია. რამდენად და რა ხანგრძლივობით აიტანენ ამ სირცხვილს, ჩვენ ამას ვიხილავთ მომავალში“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.