გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: ვაფასებთ სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის მხარდაჭერას, ვიმედოვნებ, ევროკავშირის მიერ სათანადოდ იქნება დაფასებული პროგრესი და საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება

5-06-2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოსადმი მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა.


პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება.


„განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ვიზიტს და ინტენსიურ კომუნიკაციას, რომელიც ამჟამინდელი რთული გამოწვევებით სავსე გზაზე და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვან პერიოდში შედგა. ეს ვიზიტი საქართველოსადმი სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის დიდი მხარდაჭერის ნათელი გამოვლინებაა. საქართველოს სამივე სახელმწიფოსთან ხანგრძლივი, მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა აკავშირებს. სამივე ქვეყანა საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და საგარეო პრიორიტეტების განხორციელების მტკიცე მხარდამჭერია. მოწადინებული ვართ, გავაღრმაოთ დიალოგი ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში ძლიერ ძალად ჩამოყალიბდნენ და წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენენ. შეხვედრაზე სამივე ქვეყნის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში წევრობის გზაზე. ასევე, კოლეგებს გავაცანი რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროპული მომავლისათვის სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, ევროკავშირის მიერ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული და წლის ბოლოს საქართველოს დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.


შეხვედრაზე გამოვხატეთ თანამშრომლობის მზაობა, აღვნიშნეთ, რომ პოზიტიურად ვითარდება საპარლამენტო ურთიერთობები, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ამ პოზიტიური ტენდენციების გაგრძელებას. ხვალ დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოინახულონ ავსტრიის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები, რომლებიც რეგიონებისა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერას ემსახურება. დღეს კი ერთობლივი ხელმოწერით კიდევ ერთი მიმართულებით თანამშრომლობას ჩავუყარეთ საფუძველი, რომელიც ავსტრიის დემოკრატიულ ვორქშოფებს ეფუძნება და რომლის მიზანს პარლამენტების ჩართულობით ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების განვითარება წარმოადგენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.