გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: გამოუცხადებელი ომი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი თავის ყველაზე სახიფათო ფაზაში შედის

6-06-2023

„ამჟამად USAID-ი და Zink Network-ი ახორციელებენ პროექტს, რომლის სახელწოდებაა: “რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ – რაც საკუთარ სახელწოდებაშივე მოიცავს პროვოკაციულ ხასიათს და რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან (პროექტის განმახორციელებელია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“)“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.


ქართველიშვილი მიმოიხილავს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ზაფხული ვერ იქნება „მკვდარი სეზონი“, ვინაიდან გარკვეული ძალები ქვეყნის „აყირავებისთვის“ ემზადებიან.


„მიმდინარე წლის ზაფხული ვერ იქნება ქართული პოლიტიკისთვის „მკვდარი სეზონი“ - ქვეყნის „აყირავების“ ბანაკში აქტიური მომზადება მიმდინარეობს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით:


1) საშემოდგომო „რევოლუციური“ სცენარით ან


2) 2024 წლის არჩევნების გზით. პრინციპიდან - „გაფრთხილებული ხარ, ესე იგი ხარ მომზადებული“ - ქვეყნის შიდა და გარე მტრების გეგმებს, მათში ჩართულ ძირითად მოთამაშეებს დღეიდან უნდა დავუთმოთ მეტი ყურადღება.


მათ რიგებში დაქსაქსულობა, ურთიერთუნდობლობა, „ენის ტლიკინი“ - იძლევა ამის საშუალებას და რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენს მოკრძალებულ ანალიზს მივცემთ მრავალსერიიანი მიმოხილვის ფორმატს, რომელიც განკუთვნილი იქნება ამ ქვეყნის ყველა ჯანსაღ და პატრიოტულ სეგმენტზე - რიგითი მოქალაქიდან დაწყებული ხელისუფლების წარმომადგენლებით დასრულებული.


საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი დაკვირვების შედეგად დღეს უკვე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ: ქვეყნის „აყირავების“ ავანგარდში, ამ გეგმების ორგანიზება/დაფინანსება/განხორციელების სათავეში დგას აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციაში შემავალი „გლობალური ომის პარტიის“ ფრთა და მისი წარმომადგენელი საქართველოში - საელჩოს სახით. იქ უკვე მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები, მორგებული მომავალი ელჩისა და მისი ახალი მოადგილის ჩამოსვლაზე. ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ახალი „სტაფით“ რაიმე შეიცვლება ჩვენთვის სასიკეთოდ: ელჩი რობინ დენიგანი და მისი მოადგილე ალენ პურსელი „ქორების“ ბანაკს წარმოადგენენ, რომლებიც კარგად ფლობენ „ფერადი რევოლუციების“, „მაიდანის“ მოწყობისა თუ წერტილოვანი სანქციების გამოცხადების ტექნოლოგიებს. მათი მჭიდრო ურთიერთობები ნაცმოძრაობის უკრაინული ფილიალისა თუ ადგილობრივ წარმომადგენლებთან არანაირ ეჭვს არ იწვევს.


ჩვენ შეგვიძლია საელჩოს ბოლოდროინდელი აქტივობების სისტემატიზება მოვახდინოთ, რათა გავფანტოთ ნებისმიერი ეჭვი ჩვენს მიკერძოებაში. აქ რაიმე ცრუ-პოლიტკორექტულობის დრო აღარაა - გამოუცხადებელი ომი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი შედის თავის ყველაზე სახიფათო ფაზაში:


✅საელჩოს ძირითად სამიზნედ რჩება საარჩევნო ტექნოლოგიები, ტრენინგები საარჩევნო „განათლების“ ამაღლებისა და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდობის ჩართვის კუთხით. სენატორ ჯინ შაჰინის დონეზე უკვე შეთანხმებულია გადაწყვეტილება არჩევნებზე საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის თაობაზე, რომლისთვისაც USAID-ის ბიუჯეტში თანხა უკვე გამზადებულია


✅გასულ თვეს USAID-ის ოფისში შედგა შეხვედრები ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან (“IRI”, “ISFED”, “NDI”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და სხვები). მონაწილეები USAID-ის მხრიდან გაფრთხილებული იყვნენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაემახვილებინათ ამომრჩეველთა საგანმანათლებლო ტრენინგებზე, რაზეც იქნება დამოკიდებული მათი დაფინანსების ზრდა


✅იმ პირობებში, როდესაც ოპერაცია „რუსული კანონის“ პირველი სტადიის წარმატებულად ჩატარებით, აშშ-ს საელჩომ მოახდინა საკუთარი ფინანსურ გამჭვირვალობაზე „შავი ღრუბლის“ მოცილება - „ISFED“-მა უკვე დააანონსა რეგიონული ტრენინგების ჩასატარებლად პირველი ეტაპისთვის (2023 წლის 30 სექტემბრამდე) 148 763 აშშ დოლარის ოდენობის „ტრანშის“ გამოყოფა: პროექტი ემსახურება ახალგაზრდების აქტივაციასა და მზადებას 2024 წლის არჩევნებისთვის


✅გაგრძელდება საელჩოს ზეწოლა სასამართლო სისტემაზე: ამჟამად კელი დეგნანი პირადად მართავს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების ვიწრო წრესთან და ინტერესდება სასამართლო სისტემაში არსებული ვითარებით, მუშაობა ხორციელდება თითოეულ რეგიონში სასამართლო სისტემაში მომუშავე კონტაქტების გაფართოებისთვის, აშშ-ის ელჩის რეგიონებში ოფიციალური ვიზიტებისას მის განრიგში აუცილებლად შედის სასამართლოების მონახულება და სასამართლოს თავმჯდომარეებთან და მოსამართლეებთან შეხვედრა


✅არ გაჩერებულა საელჩოს მუშაობა „სამოქალაქო საზოგადოებასთან“: „რუსული კანონისა“ და გამჭვირვალობის მიღმა გატანილი მათი უამრავი პროგრამები მოიცავენ არამარტო დიდ თუ პატარა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიზებულ მოძრაობებს, ცალკეულ აქტივისტებს. მათ უტარებენ ტრენინგებს ჯინ შარფისა და პიტერ აკერმანის მეთოდოლოგიური მასალების თანახმად: „არაძალადობრივი“ აქტივობების და ქმედებების მიმართულებით, რომლისთვისაც სხვა ტრენერებთან ერთად, ასევე ჩამოყვანილი ჰყავდათ სერბული ორგანიზაცია „Canvas”-ის წარმომადგენლები, რეგიონული აქტივისტების ქსელის შექმნისთვის. საელჩოს უშუალო პატრონაჟით, ხსენებული მიმართულებით ამჟამად მუშაობს ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები“, რომლებიც „ფრანკლინის კლუბთან“ ერთად იყვნენ მარტის აქციების პროპაგანდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა


✅„სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა“ ასევე ირიბად ჩართულია სხვადასხვა პოლიტიკური აქციების მიმდინარეობაში, მიუხედავად თითქმის ტოტალური გაუმჭვირვალობისა, პირდაპირი დაფინანსება აქციების ორგანიზებისთვის რა თქმა უნდა, არ გამოიყოფა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გამოყოფილი აქვთ დაფინანსებები სხვადასხვა პროგრამების განხორციელებისთვის, ახდენენ საკუთარი ბიუჯეტის გადათამაშებას და აქციების ორგანიზებისთვის საჭირო ფინანსების მოძიებას


✅გარდა ამისა ე.წ. „რუსულ კანონთან“ და ე.წ. „შინ ევროპისაკენ“ აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების დროს „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის“ პროგრამა, აქტიურ კომუნიკაციაში იყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რა დროსაც სავარაუდოდ აძლევდნენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა წარემართათ პროცესები. კულუარული სანდო ინფორმაციით, ხსენებულ პროგრამას (გარდა უკვე დამტკიცებული ბიუჯეტისა) USAID-მა დაუმატა სხვადასხვა აქტივობებისთვის დამატებით 2 მილიონი აშშ დოლარი


✅მიუხედავად ტელეკომპანია „იმედზე“ გასული სიუჟეტისა, „IRI“-მ არ შეწყვიტა „გირჩის“ რადიკალური სემინარების დაფინანსება - პირიქით ამ ეტაპისთვის ისინი აპირებენ “სფეროების გაფართოებას“. კერძოდ, იგეგმება „გირჩის“ მიერ ეთნიკური უმცირესობებისთვის ცალკე ბანაკების შექმნაც, რაც სავარაუდოდ ასევე დაფინანსდება ა.შ.შ.-ს მიერ. არ არის შემთხვევითი, რომ "გირჩის" იდეასთან ერთად ა.შ.შ.-ს საელჩომ გამოაცხადა სტაჟირება აზერბაიჯანელი და სომხურენოვანი სტუდენტებისთვის


✅USAID-ის მიერ იქნა ჩამოყვანილი ბრიტანელი კომუნიკაციების ექსპერტი ბლერ მაკდუგალი (ივნისის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ არაერთი კომუნიკაციების ექსპერტის ჩამოყვანა), რომელსაც აღებული აქვს ინტერვიუები ბევრ ცნობილ პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გორდონ ბრაუნთან. საქართველოში მათი მივლინების ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განიხილება მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების "გვერდის ავლის" გაშუქება და ქვეყნის "რუსული კურსით" წაყვანა


✅ამჟამად USAID-ი და Zink Network-ი ახორციელებენ პროექტს, რომლის სახელწოდებაა: “რუსული სახელისუფლებო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ – რაც საკუთარ სახელწოდებაშივე მოიცავს პროვოკაციულ ხასიათს და რეალურ დამოკიდებულებას საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან (პროექტის განმახორციელებელია „მედიის ადვოკატირების კოალიცია“)


ეს არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი, რომლის სიღრმისეულ მიმოხილვას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. საქართველოს ხელისუფლების „აყირავების მრავალსერიიანი სერიალის“ ტრანსლირება დღეიდან მხოლოდ გაგრძელდება. მაგრამ ამერიკული კინემატოგრაფის საუკეთესო ტრადიციებში - მისი ფინალი საქართველოსთვის აუცილებლად „ჰეპი-ენდი“ იქნება“, - წერს დავით ქართველიშვილი.