6-06-2023
ჩვენ არა ერთი ომი გამოვიარეთ 90-ანებში, შემდეგ კიდევ უფრო დიდი უბედურება -სამოქალაქო ომი გვქონდა და შემდეგ, რა თქმა უნდა, ის უბედურება რაც ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის ომი, დამატებით 20 000-ზე მეტი დევნილი, იძულებით გადაადგილებული პირი მივიღეთ კიდევ ქვეყნის შიგნით, დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა ჩააბარა წინა ხელისუფლებამ და ა.შ. რა თქმა უნდა ეს არის ტკივილი, მაგრამ მეორე მხრივ უნდა აღვნიშნო, რომ ეს განსაცდელი აძლიერებს ჩვენს ხალხს. ამ ყველაფერზე სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართველებმა, ყველამ, ჩვენი ქვეყნის მიწაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა.
დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს დევნილებს, დროებით დევნილებს, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მჯერა, რომ თქვენ დაბრუნდებით აფხაზეთში, ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, 480 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს. აქ დასრულდა სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, დღეს 480 ოჯახი მიიღებს და 320 ბინა დასრულდება ძალიან მალე, ხედავთ, რომ აქვე მიმდინარეობს ბოლოში მშენებლობა. და ჯამში 800 ოჯახი მიიღებს ბინებს ამ უბანში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, დაწყებულია მასშტაბური სამუშაოები როგორც თბილისში, ისე რუსთავსა და ქუთაისში.
„ამას გარდა მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მასშტაბური სამუშაოები დავიწყეთ. მოგეხსენებათ თბილისში, რუსთავშიც, ქუთაისშიც. მე ახლა რამდენიმე ხანში ვაპირებ, რომ მოვინახულო ახალი ლოკაცია, სადაც ჩვენ დავიწყეთ უკვე მშენებლობა, ესაა 720 ბინის მშენებლობის პროექტი, ჯამში სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდება და მაქსიმუმ 2025 წლის ბოლოს დასრულდება. ესაა 70 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროექტი. იქაც 720 ოჯახს გადავცემთ ბინებს. ჯამში ბოლო 10 წელიწადში ჩვენ 31 000 ოჯახს გადავეცით ბინები, დავუკანონეთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ბინები და საცხოვრებელი სახლები.
ჩვენ ასევე დავიწყეთ სოფლად სახლების გადაცემის პროგრამაც, რომელიც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. მომდევნო 2-3 წელიწადში დამატებით 13 000 ოჯახი მიიღებს ბინებს, აქედან 7 000 იქნება ბინა და 6 000 იქნება სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გადასაცემი სახლები.
ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ სხვები გვედრებიან და შედარებისთვის რომ გავიხსენოთ, 2012 წელს, ბიუჯეტი რომელიც გათვალისწინებული იყო ჩვენი ძვირფასი დევნილებისთვის შეადგენდა 25 მლნ ლარს. წელს დევნილების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 233 მლნ ლარს, თითქმის 10-ჯერ არის გაზრდილი. ეს ფული რა თქმა უნდა ხმარდება სახლების მშენებლობას, ბინების მშენებლობას და ა.შ. ამით რა თქმა უნდა ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას თქვენს მიმართ, ესაა ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ხელისუფლებამ ღირსეული პირობები შეუქმნას დროებით დევნილობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რისიც მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. და მე ვისურვებდი, რომ ასეთი და უკეთესი და ძალიან ბევრი ბინის მშენებლობა დავიწყოთ მალე აფხაზეთში, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ამოცანა თქვენთვისაც, აფხაზებისთვისაც და ოსებისთვისაც. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა, მეგობრებო, მშვიდობით, სტაბილურობით და გონივრული პოლიტიკით ამას მჯერა მივაღწევთ და ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება. ამ იდეის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი.
ინდა ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა პირველ რიგში, კეთილდღეობა, თქვენ და თქვენს შვილებს, ყველას, თქვენს ოჯახებს და გისურვოთ მალე დაბრუნება თქვენს მშობლიურ მხარეში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,"- განაცხადა პრემიერმა.