გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი: დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებაში, ნატო-სა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში

7-06-2023

დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატო-სა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, დროა, ევროკავშირმა იზრუნოს გრძელვადიან მშვიდობაზე წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების გზით.


„ამ წლების განმავლობაში საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა, რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური და არსებული საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატო-სთან, ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა დემოკრატიული ინსტიტუტები და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინშია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ინტეგრაციის პროცესში გვქონდეს ხელშესახები პროგრესი პოლიტიკური კუთხით.


„გვესმის, რომ ამ საკითხზე რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში ომის დასრულებასა და უკრაინის გამარჯვებამდე. თუმცა, აუცილებელია დისკუსიის დაწყება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო მონახაზებზე. როგორც ტრანზიციაში მყოფი ქვეყანა, რომელიც ძლიერ, მედეგ და დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებს, საქართველო ჯერაც გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ, ჩვენი ფრანგი და სხვა მეგობრების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას და ჩვენი ხედვის განხორციელებას მშვიდობიანი მომავლისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.


დღეს არის საუკეთესო დრო, რათა ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვეხმარონ უსაფრთხოების გარემოსთან გამკლავებასა და ნატო-სა და ევროკავშირში დამსახურებულ წევრობაში. უკვე 15 წელია, ბურთი ევროკავშირისა და ნატო-ს მოედანზეა. პრეზიდენტი მაკრონი ევროპული მიზნების გამორჩეული მხარდამჭერია. დროა, ევროკავშირმა იზრუნოს გრძელვადიან მშვიდობაზე წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების გზით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.