8-06-2023
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა საჩუქრად გადაეცა.
აღნიშნული ვაქცინებით, დაავადების რისკის ზონებში, ცხოველებს პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარდება თურქულის ახალი შტამის (SAT-2) საწინააღმდეგოდ, რომელიც გავრცელებულია რეგიონში, მაგრამ საქართველოში არ ფიქსირდება.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ცალსახად აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი მთლიანად ევროპის რეგიონში კეთილსაიმედო ვითარების უზრუნველყოფაში. ვაქცინები „ცივი ჯაჭვის" დაცვის პრინციპით გადანაწილდა; ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
(https://twitter.com/Food_EU/status/1664572553778671616?s=20)
აღსანიშნავია, რომ „თურქულთან" ბრძოლაში, საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც რეგიონში პირველმა მიიღო PCP-ის მესამე საფეხური, რაც ქვეყანას დაავადების მიმართ თავისუფალი სტატუსის მიღებასთან აახლოებს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეოთხე, ბოლო საფეხურზე გადასასვლელად, რაც ვაქცინაციის მეშვეობით თავისუფალი სტატუსის მიღწევას გულისხმობს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, თურქულის საწინააღმდეგოდ, ყოველწლიურად, 2 მილიონზე მეტ მანიპულაციას (ვაქცინაცია/რევაქცინაცია) ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ დაავადება „თურქული" ცხოველების (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და სხვა) მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. დაავადება უდიდეს ზიანს აყენებს, როგორც მთლიანად მესაქონლეობის მიმართულებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. „თურქულით" ადამიანი არ ავადდება.