8-06-2023
"ჩვენ ვართ თანასპონსორები და შესაბამისობაში ვართ ყველა საერთაშორისო დეკლარაციებთან, რომლებიც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება რუსეთს. ამასთან, ჩვენ ვართ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ერთ-ერთი თანასპონსორი, 38 სახელმწიფოთა შორის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას და შეერთებულია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.
„მსურს გამოვეხმაურო განცხადებებს საქართველოს დამოკიდებულებაზე და პოზიციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით. ცხადია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინას ამ საშინელ ომში. ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას.
მსურს შეგახსენოთ, რომ საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, ქართულ რეალობაში, ერთ-ერთი ბანკი - VTB, რომელიც დასანქცირდა, ერთ შაბათ-კვირას უბრალოდ გაქრა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო, რომ ეს ბანკი გაექრო ისე, რომ ზიანი არ მისდგომოდა რიგითი მოქალაქეების ინტერესებს.
ასევე, მსურს დავამატო, რომ ჩვენ ვართ თანასპონსორები და შესაბამისობაში ვართ ყველა საერთაშორისო დეკლარაციებთან, რომლებიც მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეგება რუსეთს. ამასთან, ჩვენ ვართ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ერთ-ერთი თანასპონსორი, 38 სახელმწიფოთა შორის. ასევე, ჩვენმა საბაჟოებმა შეძლეს 2000-ზე მეტი სანქცირებული ტვირთის შეჩერება ჩვენს საზღვარზე.
ამ ტვირთს შორის იყო საქონელი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც იყო განკუთვნილი. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაქო და დააფასა საქართველო საერთაშორისო სანქციების მტკიცედ დაცვის გამო და დააფასა ის ფაქტი, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქცირებული ტვირთისთვის. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩვენი მთავრობა მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.
ამ მხრივ, ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, რომ ზიანი არ მიადგეს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის დონეს. ეს მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საერთაშორისო სანქციებისა თუ სხვა ეკონომიკური სანქციებისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც კი განაგრძობენ ვაჭრობას რუსეთთან, აცხადებენ რა რომ, ამაში არსებობს პრაგმატული ინტერესი. სანქციების მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანამ გაზარდა ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან. ასევე, მსურს გავიხსენო ბორელის განცხადება, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ვაჭრობს ინდოეთთან, ყიდულობს ნავთობპროდუქტებს, რომლებიც მზადდება რუსული ნედლეულით. ეს კი პირდაპირი შემოსავალია რუსულ ბიუჯეტში. ეს არის ევროკავშირის ფული, რომელიც ირიბად შედის რუსეთის ბიუჯეტში.
მიუხედავად სხვა პრაგმატული ინტერესებისა კიდევ ერთი ვაჭრობის ფაქტი მსურს ვახსენო, რომლის განმარტებაც პრაგმატული თვალსაზრისით არ არის მარტივი - ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს ასევე ბრილიანტებით. გასულ წელს, ბრილიანტებით ვაჭრობამ 1.4 მილიარდი ევრო შეადგინა, ეს კი დაახლოებით 1400 ახალი მოდელის რუსული ტანკის ღირებულებაა. საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, რომელიც რუსეთის მთლიანი ვაჭრობის 0.3%-ს შეადგენს, არაფერს არ წარმოადგენს თუკი გავითვალისწინებთ სანქციების მთავარ მიზანს. რატომ დაწესდა სანქციები? იმიტომ, რომ ზიანი მიადგეს რუსეთს, რომ მან უკან დაიხიოს.
ამ მხრივ, საქართველოს ვაჭრობის ბრუნვა არაფერს წარმოადგენს, რუსეთი ვერც კი შეამჩნევს, თუკი ქართული პროდუქცია ან სერვისები რუსეთამდე ვეღარ მიაღწევს. რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს რუსეთთან, ეს იყო რუსეთის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველომ შეწყვიტა ეს ფრენები, ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ითხოვდნენ რუსეთისგან, რომ არ შეეწყვიტა ეს პირდაპირი ფრენები და რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებებს, რომ ეს იყო დისკრიმინაციული. 2019 წელს, როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა ომი რუსეთთან და 20 პროცენტი უკვე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ, ამ პირობებში მთელი საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდა პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. რა შეიცვალა დღეს?
ცხადია, ახლა ომია უკრაინასთან, თუმცა ჩვენ უკვე გვქონდა ომი მაშინ და ეს ომი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, როგორც უკრაინის ომია. შეგახსენებთ, მაკრონის დეკლარაციას, რომ ევროკავშირს არც საქართველოსთვის და არც უკრაინისთვის არ მიუცია უსაფრთხოების გარანტიები და სწორედ ამიტომაც არის ახლა ეს ომი. ამ მხრივ, თუკი საქართველო ნატოსა და ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იქნება, ჩვენ ბევრად მამაცები ვიქნებით და მეტად გავბედავთ გადაწყვეტილებების მიღებას. სხვა მხრივ კი, ჩვენ ყველანაირად ვიზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც ზიანს არ აყენებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება ნებისმიერი მთავრობის მთავარი მიზანია, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.