8-06-2023
მესმის, რომ ვცხოვრობთ ჰედლაინების ეპოქაში, მაგრამ არის არსებითი, მნიშვნელოვანი საკითხებიც. რუსეთის მიმართ პოლიტიკური სანქციების ნაწილიც ვართ, არ ვატარებთ სანქცირებულ ტვირთებს. ყველამ იცის, რომ ამ მხრივ ბევრ რამეს ვაკეთებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ყოველდღე ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ თავი „ფეიკ“ სათაურებისგან და ეს ძალიან რთულია. ზოგჯერ ამას მივყავართ არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების იმედგაცრუებამდეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-12 შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბითაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლება გამჭვირვალე და ღიაა, მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვისაც, თუმცა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი, კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ყველა მცდელობას უშედეგოს ხდის.
მან ასევე სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე განცხადებები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა გააკეთეს.
„პირველად, ჩვენ გვყავს 9 პარტია პარლამენტში, გვაქვს 100-ზე მეტი მაუწყებელი და ეს ფაქტია, ვინაიდან ყველაფერი გამჭვირვალეა. პირველად ხდება საქართველოში, რომ ჩვენ ვართ ასეთი გამჭვირვალე და ღია მულტიპოლიტიკური დიალოგისთვის, მათ შორის, ჩვენს ოპოზიციასთანაც, მაგრამ კვლავ ეს „ფეიკ“ ჰედლაინები და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სურვილი, რომ დაბრუნდეს ქვეყნის მმართველობის სათავეში, ანგრევს ყველაფერს.
მე შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მნიშვნელოვან საკითხებზე, შემიძლია ვისაუბრო პროგრესზე თუნდაც ჩემს სფეროში, პარლამენტში, სადაც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ. შემიძლია ბევრი ვისაუბრო ჩვენს სურვილზე, ვიყოთ ევროკავშირის წევრები და იმაზე, რამდენს ვაკეთებთ ჯერ კიდევ 2012 წლიდან, როდესაც დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების პროექტის განხორციელება, რამდენი გავაკეთეთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის სხვადახხვა სფეროში, რატომ გვაქვს ასეთი პროგრესი მაგრამ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: არასდროს არც ერთ ოფიციალურ პირს საქართველოში არ უთქვამს, რომ ევროკავშირს ან ჩვენს რომელიმე სხვა პარტნიორს სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ მსგავსი სახის განცხადებები უკრაინის ძალიან მაღალი თანამდებობის პირებისგან“ - აღნიშნა მაია ბითაძემ.
როგორც ბითაძემ განმარტა, იმ ფონზე, რომ საქართველო არ იმყოფება ნატოს ქოლგის ქვეშ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქვეყანა ბევრს აკეთებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა, ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ იმ ფონზე, რომ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ვართ ნატოს ქოლგის ქვეშ და არც ევროკავშირის წევრები ვართ, ჩვენ ბევრს ვაკეთებთ რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი თავები რუსეთისგან რომელმაც ჩვენი ტერიტორიების 20% ის ოკუპაცია მოახდინა, ვცდილობთ, დავიცვათ ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა ნაწილიც რუსეთში ცხოვრობს და ასევე ვცდილობთ, დავიცვათ სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც გვაქვს ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ძალიან რთულია, საუკეთესო გზის პოვნა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა იმ ფონზე, როდესც პოლიტიკურ ტურბულენტობას და „ფეიკ ჰედლაინებს“ ვებრძვით, რომლებიც მედიის მეშვეობით, ძალიან დიდ აერალს ფარავს“ - განაცხადა მაია ბითაძემ.