გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარმა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

8-06-2023

საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და CERN-ის კვლევისა და ინფორმატიკის დირექტორმა იოახიმ იოსეფ მნიხმა მოაწერეს.

 

გიორგი ამილახვარი:  „მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოვაწერო თანამშრომლობის მემორანდუმს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობას განათლების, ტრენინგების განხორციელებისა და ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მანამდე არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას მაღალი ენერგიის ფიზიკის სფეროში განხორციელებულ ფუნდამენტურ კვლევებში.

 

ყველა ვთანხმდებით, რომ მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად,  მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობა  მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. გრძელვადიან პერსპექტივაში, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემა მაღალი ხარისხის სამეცნიერო-კვლევითი პროცესისა და ეკონომიკური წინსვლის საფუძველია.

 

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს CERN-თან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მხარდაჭერას, მკვლევრებისა და ინჟინრებისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას CERN-ის პროექტებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ ეს თანამშრომლობა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას მისცემს განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას –ქართველი მეცნიერები  მიიღებენ ღირებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

 

ჩვენი სურვილია, საქართველო მნიშვნელოვანი კვლევების ჰაბად ვაქციოთ. ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დაარსება იყო – მოხარული ვარ, რომ CERN-თან მომავალი თანამშრომლობა ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას სწორედ ადრონული თერაპიის მიმართულებით.

 

თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და დავადასტურო ჩვენი მზაობა, სამომავლოდ, CERN-ში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ კონსულტაციები საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოება დიდ სარგებელს მიიღებს კვლევებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ძლიერი ჩარჩოთი, რაც სექტორს განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს.

 

მჯერა, რომ მეცნიერება და ტექნოლოგიები ყოველთვის იქნება პროგრესის არსებითი მამოძრავებელი ძალა. ამავდროულად,  ცოდნის გაზიარებამ გლობალურ დონეზე შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი მეცნიერების განვითარებას. ასე რომ, გავერთიანდეთ ამ მიზნის მისაღწევად!“

 

მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ გაცვლით სამეცნიერო-კვლევით პროექტებს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის; ჩატარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები; ქართველ ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ CERN-ის ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში და სხვა.