9-06-2023
სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა. ისინი ამ ადამიანებს ვერ მოიცილებენ ისე, რომ თავად არ განადგურდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად შეისწავლა ოპოზიციის გენეტიკური კოდი, რომელიც ძალადობასა და ადამიანის ღირსების აყრაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ოპოზიციის ყველა მცდელობა, უშედეგო იქნება უცხოეთიდან ჩარევების და რადიკალების დაფინანსების მიუხედავად.
„ამ ოპოზიციისგან არაფერი არ გამოვა გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის. მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და ეს გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის სემინარების ჩატარების, რადიკალების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, რომ ქართველმა ხალხმა რაიმენაირად მათ ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.