9-06-2023
„საქართველო ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს - 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა თითქმის ნახევარი მილიარდი აშშ დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემოდინება საქართველოში და ხაზგასასმელია, რომ 2019 წელთან ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეს არის თითქმის 56 პროცენტიანი ზრდა. ეს არის იმ საინვესტიციო გარემოს შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა, ქართული ბიზნესი ბოლო წლების განმავლობაში ქმნიდა" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 56.0%-ს შეადგენს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირიდან შემოსული ინვესტიციის რაოდენობა ხუთჯერ არის გაზრდილი.
„ინვესტიციების თითქმის 51 პროცენტი შემოდის ევროკავშირიდან, ის ინარჩუნებს ლიდერობას ამ მიმართულებით და ხაზგასასმელია, რომ 2019 წელთან შედარებით ევროკავშირის ინვესტიციების თითქმის ხუთჯერადი ზრდა გვაქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, როდესაც საქართველო დგამს მორიგ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირთან როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური დაახლოების თვალსაზრისით" - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დარგების მიხედვით საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მათ შორის არის მრეწველობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ასევე მაღალტექნოლოგიური დარგები, რომელთა განვითარებაც მთავრობის პრიორიტეტია.
„ყველა ამ მიმართულებაში საქართველოს მთავრობას, ქართულ ბიზნესს, გარდა იმ ზოგადი საინვესტიციო გარემოსი და მიმზიდველობის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვქმნიდით, აქვს კონკრეტული შეთავაზებები, კონკრეტული პროექტები და გეგმები, რაც, რა თქმა უნდა, არის საინტერესო ინვესტორებისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო დინამიკაც ამ ბოლო პერიოდის მაჩვენებლების შესაბამისი იქნება" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.