9-06-2023
„მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ საბჭოეთის ტყვეობაში, 70 წელი ხმას ვერ ვიღებდით, მანამდე - რუსეთის მონობაში და ბოლო 30 წელი, დამოუკიდებლები რომ გვგონია თავი, როგორც კი ვთქვით, რომ ჩვენთვის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებია უპირატესი, დასავლეთი თურმე უკვე დავღალეთ“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
თამარ ჩიბურდანიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“.
„ევროპარლამენტარების ტერმინებს ჩვენ მიმართ „დაღლა“ დაემატა. აქამდე ვიცოდით, რომ „შეშფოთება-აღშფოთება“ ჰქონდათ, ახლა უკვე თურმე დაიღალნენ კიდეც. პირიქით ვეტყოდი - ჩვენ დავიღალეთ ძალიან. დავიღალეთ მათი კაპრიზებით, პრეტენზიებით, ცრუ ბრალდებებით, მათგან წამოსული დეზინფორმაციით საქართველოში და ჩვენს შესახებ გაშვებული დეზინფორმაციის მასშტაბით მსოფლიოში, განსაკუთრებით, ევროპასა და დასავლეთში.
ქართველი ხალხი, მართალია, დინჯია და მოთმინების უნარი აქვს, მაგრამ ეს მოთმინების უნარიც ალბათ სადღაც გაწყდება. არ შეიძლება ასეთი ქმედება ქვეყანასთან და ერთან, რომელსაც მრავალათასწლოვანი ისტორია აქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჯერ საბჭოეთის ტყვეობაში, 70 წელი ხმას ვერ ვიღებდით, მანამდე - რუსეთის მონობაში და ბოლო 30 წელი, დამოუკიდებლები რომ გვგონია თავი, როგორც კი ვთქვით, რომ ჩვენთვის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებია უპირატესი, დასავლეთი თურმე უკვე დავღალეთ.
კიდევ ერთხელ მინდა დიფერენცირება გავაკეთო - ყველაზე არ ვსაუბრობ. ვინც დაიღალა, მან ღიად თქვა. ვფიქრობ, დაიღალნენ ისინი, ვისთვისაც მიუღებელია, საქართველოს ჰყავდეს ეროვნული ხელისუფლება და ვისთვისაც მისაღებია, საქართველოს ჰყავდეს ისევ სააკაშვილის სისხლისმსმელი, მტარვალი ხელისუფლება, რომლებიც დემოკრატიისგან ძალიან შორს იყო. ანუ, ევროპარლამენტარი, ქალბატონი მარინა კალიურანდი გვესაუბრება, რომ ის დაიღალა დემოკრატიისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, კანონის უზენაესობისგან, ეკონომიკური წინსვლისგან საქართველოში და ყველა იმ სიკეთისგან, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ 11 წლის განმავლობაში მიაღწია და რაც სახეზეა. ისინი დაიღალნენ ჩვენი რეალური დამოუკიდებლობით - ეს არის სიმართლე“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.