10-06-2023
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს.
კონცეფციის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მერებიესწრებოდნენ.
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა. ახალმა მიდგომებმა უნდა უზრუნველყოს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. კონცეფცია წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველს, რომელიც დაარეგულირებს საძოვრების მართვის საკითხებს.
შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრები (დაცული ტერიტორიებისა და ტყის მიწების ჩათვლით) სარგებლობისთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთო სარგებლობის რეჟიმით, ასევე იჯარით.
საძოვრების მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა. საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე.შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები. დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის საძოვრის, ზამთრისა და ზაფხულის საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა მოხდება.
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვის ფონდი (GEF).