გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ-ში „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ გამოცემის წარდგენა გაიმართა

12-06-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ წარდგენა გაიმართა.

 

კრებულში   შესულია ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის,  ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები.

 

თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, გამოცემა საინტერესოა მკვლევართათვის, დაინტერესებული მკითხველისთვის, ვინაიდან აბსოლუტურად განსხვავებულ ჭრილში წარმოგვიდგენს ივანე ჯავახიშვილს. „ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი იყო ივანე ჯავახიშვილი ყოფით გარემოში, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს მხოლოდ როგორც დიდ ისტორიკოსსა და მეცნიერს. ამ ეპისტოლური მემკვიდრეობის გამოცემით ჩვენ შეგვიძლია ის დავინახოთ ოჯახურ გარემოში. ასევე, გამოცემა წარმოადგენს ისტორიულ წყაროს, ის არის ძალიან საინტერესო მასალა ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიისთვის“-აღნიშნა თსუ რექტორმა.

 

კრებული თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ, საქართველოს ფოსტისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა.

 

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის ინფორმაციით, კრებული მოიცავს 450-ზე მეტ წერილს, რომელთა ქრონოლოგია იწყება 1905 წლიდან, და მთავრდება 1939 წლით. „ეს გამოცემა საინტერესოა ორი თვალსაზრისით, ერთი, ის რომ სრულიად ახლებურად დაგვანახებს ივანე ჯავახიშვილის პიროვნებას  და მეორე, საინტერესოა როგორც დოკუმენტური წყარო, რადგან ამ ბარათებში მოთხრობილია ისეთი ამბები, რომელთა შესახებაც ისტორიკოსებმა, ივანე ჯავახიშვილის მკვლევრებმა შეიძლება ნაკლებად იციან“,- განაცხადა წიგნის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა. 

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფოსტასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ასეთი ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენ ბოლო წლებია სხვადასხვა ალბომებისა და წიგნების გამოცემაზე ვმუშაობთ. ამ ბოლო გამოცემაში წარმოდგენილია მკითხველისთვის უცნობი ილუსტრაციები და ჩანაწერები“-აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს პირველი ქალი კურსდამთავრებულის მედეა ღამბაშიძის შესახებ ალბომის გამოცემას.


წიგნის წარდგენასთან ერთად,  გაიმართა საქართველოს ფოსტის მარკების გამოფენა. მარკები შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლის და სხვა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა, მწერალთა და პოეტთა თემატიკაზე.

 

ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ნაშრომის კონსულტანტია ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ ჯავახიშვილი