13-06-2023
დღეს ბატალიები მიმართულია ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე პ[რეზიდენტის პოსტის შემოღებას უკავშირდება და რასაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც კანონპროექტს ვეტო დაადო, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რაც პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატებას გულისხმობს, ნაკლებად არის კავშირში საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან, ვინაიდან, ყველა მნიშვნელოვან განდაწყვეტილებას საბჭო იღებს. შესაბამისად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია.
„ამ ორგანიზაციას, რომ მეტად ფრთხილი და ზოგჯერ ზედმეტად კონსერვატიული მიდგომები ახასითებს, არ ახალი ამბავია, და ბოლო ორი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც მოწმობს, როდესაც ზრდის თავდაპირველი პერსპექტივა 3-4 %-ით იყო შეფასებული. ფუნქციონალურად პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამას ნამდვილად ნაკლები კავშირი აქვს სებ ის დამოუკიდებლობასთან, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს თუნდაც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზე, აქედანაც ჩანს რომ ეს მაინც არის წმინდა პოლიტიკური საკითხი“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის გადინების განაკვეთი 80%-მდე გაიზრდება, არადამაჯერებელი და საეჭვო არგუმენტებით მიიღო.
გიორგი ცუცქირიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ან ეროვნული ბანკს აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია და 1-ლი სექტემბრიდან რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ელოდება, როცა სინამდვილეში, სანქციები სულ უფრო მკაცრდება და რუსეთიდან ფულის გადინების მაჩვენებელი მზარდია ან უარეს შემთხვევაში, საქართველოში ელოდებიან სიტუაციის არევას.
„დღეს ბატალიები მიმართულია ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე პ[რეზიდენტის პოსტის შემოღებას უკავშირდება და რასაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც კანონპროექტს ვეტო დაადო. ქალბატონი პრეზიდენტის პოზიცია, რომლის თანახმადაც მან ეჭქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის არა პროფესიული ნიშნით, არამედ პოლიტიკურად დამოუკიდებლობის საკითხი, ნაკლებად დამაჯერებელია.
საკითხავია, თავად როდესაც "ქართული ოცნება" მხარს უჭერდა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაშინ რა გარანტია ჰქონდა ვინმეს, რომ დამოუკიდებელი იქნებოდა მართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? და დღეს ხომ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი მართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? ეს სავალუტო ფონდის მისიასაც ეხება.
ბუნებრივია, სსფ ვერ იქნება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, ამ ორგანიზაციის არაერთი პროგნოზიც მცდარი ყოფილა, თუნდაც 2008 წლის გლობალურ კრიზისთან მიმართებაში, ამასთან, მათი რეკომენდაციებიც არაერთხელ ყოფილა კრიტიკის საგანი, თუმცა ობიექტურობისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის კუთხით, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიური შოკის შემდეგ პერიოდში მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ამ ორგანიზაციას, რომ მეტად ფრთხილი და ზოგჯერ ზედმეტად კონსერვატიული მიდგომები ახასითებს, არ ახალი ამბავია, და ბოლო ორი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც მოწმობს, როდესაც ზრდის თავდაპირველი პერსპექტივა 3-4 %-ით იყო შეფასებული.
ფუნქციონალურად პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამას ნამდვილად ნაკლები კავშირი აქვს სებ ის დამოუკიდებლობასთან, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს თუნდაც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზე, აქედანაც ჩანს რომ ეს მაინც არის წმინდა პოლიტიკური საკითხი.
მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ბანკის ბოლო გადაწყვეტილება, რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის (გადინების განაკვეთის) 80%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ძალაში 1 სექტემბრიდან უნდა შევიდეს. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული განაკვეთი ისედაც ზე-მაღალი 30-40%-ის ფარგლებში იყო. უფრო გასაგები რომ გახდეს, ავღნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცალსახად ნიშნავს იმას, რომ კომერციული ბანკები აღნიშნული თანხების 40 %-ის ნაცვლად სექტემბრიდან უკვე 80%-ს ეკონომიკურ ბრუნვაში ვერ გამოიყენებენ და მხოლოდ დარჩენილი 20%-ის გასესხების იმედზე რჩებიან. მთავარი კითხვაც ვფიქრობ აქ არის დასასმელი თუ რას ემსახურება ასეთი მკაცრი რეგულაციის შემოღება. კერძოდ, ვფიქრობ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მეტად არადამაჯერებელია, თითქოს წარმოიქმნა რისკი, რომ რუსეთის რეზიდენტებმა დეპოზიტებზე განთავსებული თანხები ისევ უკან გაიტანონ.
ბუნებრივია, ნებისმიერი ამ სახის მკაცრი რეგულაციის შემორება, რისკებსაც რომ ამცირებდეს, საქართველოს კომერციული ბანკების მიმზიდველობას განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში მხოლოდ შეამცირებს და ქვეყნიდან ვალუტის გადინებას უფრო შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ ეკონომიკის დაფინანსებას შეაფერხებს, და შესაბამისად უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე.
რაც შეეხება სებ-ის გადაწყვეტილების არგუმენტაციას თითქოს წარმოიქმნა რისკი, რომ რუსეთის რეზიდენტებმა დეპოზიტებზე განთავსებული თანხები ისევ უკან გაიტანონ ნაკლებად დამაჯერებელი მოჩანს. ცნობილია, რომ ფული მიედინება იქ სადაც შედარებით სტაბილური პოლიტიკური ვითარებაა და დაცულია. რუსეთის რეზიდენტების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტები სწორედ იმიტომ განთავსდა, რომ რუსეთის საბანკო სექტორი საერთაშორისო ფინანსური სანქცირების ქვეშ მოექცა. რეალურად არარეზიდენტო პირები ამ თანხებს მხოლოდ მაშინ გაიტანდნენ, თუ რუსეთს საერთაშორისო სანქციები ოდესმე მოეხსნებოდა.
ამიტომაც ადის ამ ყველაფერს ცოტა საეჭვო სუნი. გამოდის, რომ რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების მუდმივი დამძიმების და უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ხანგრძლივობის გაურკვევლობის ფონზე, ან ეროვნული ბანკს აქვს ექსკლუზიური ინფორმაცია და ელოდება 1 სექტემბრიდან, სანქციების მოხსნას, როცა სინამდვილეში, სანქციები სულ უფრო მკაცრდება და რუსეთიდან ფულის გადინების მაჩვენებელი მზარდია ან კიდევ უარესი, აქ ელოდებიან სიტუაციის არევას. სხვა ლოგიკური ახსნა ამ ყველაფერს უბრალოდ არა აქვს და არც ლიკვიდობის რისკი არსებობს თანხების სწრაფ გადინებაზე“ - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.