14-06-2023
მეოცე საუკუნის დასაწყისის კულტურული ცხოვრება იყო საქართველოს კულტურული გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება -, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მსოფლიოში დიდი პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ძვრების დროს, ჩვენი დედაქალაქი, თბილისი, მოდერნიზმისა და ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერად იქცა.
„თანამედროვე ქართული თეატრი, კინო, ოპერა, ბალეტი, სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა და პოეზია ჯერ კიდევ არ არის ფართოდ ცნობილი მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის და ჩვენი თაობის პრივილეგიაა ეს ყველაფერი თქვენ, ყველას, გაგიზიაროთ.
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ეს მოკრძალებული მიმოხილვა გავაკეთე, რათა მოგითხროთ, თუ რას შემოგთავაზებთ ბელგიაში ამ შემოდგომაზე, ევროპალია-საქართველოს ხელოვნების ფესტივალის ოთხი თვის განმავლობაში", - განაცხადა პრემიერმა.