14-06-2023
როგორც ჩვენმა ელჩმა უკვე განაცხადა, დღეს საღამოს გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ ქართული მრავალხმიანობა. ეს მრავალხმიანობა - საერო, სარიტუალო, რელიგიური, საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო, ალბათ, საუკეთესოდ წარმოადგენს ქართველი ხალხის სულისკვეთებასა და შემოქმედებას-, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღვინოზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა.
„ყოველთვის, როდესაც საქართველოს ევროპულ იდენტობაზე მიწევს საუბარი, არ შემიძლია უგულებელვყო, ალბათ, ყველა სხვა ევროპელთან ჩვენი დაახლოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - ღვინო. ამას სიფრთხილით ვამბობ, რადგან ვაცნობიერებ, რომ ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, რომელმაც ლუდი, და არა ღვინო, ხელოვნების დონემდე აიყვანა! საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება. საქართველოს ტერიტორიაზე რვა ათასი წლის ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი აღმოაჩინეს. ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.