15-06-2023
კეზერაშვილმა თვითონ აღიარა, რომ ოლიგარქია, აქვს ძალიან ბევრი ფული, აფინანსებს პარტიებს, ენჯეოებს და მედიასაშუალებებს. ე.წ. სისტემური მიდგომით, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, ამ პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პერსონალიზებული მიდგომა გულისხმობს, რომ შენ აიდენტიფიცირებ ადამიანს ოლიგარქად და მის მიმართ აწესებ იმაზე მეტ შეზღუდვას, ვიდრე შეიძლება მოქმედებდეს სხვა პირის მიმართ.
„დეოლიგარქიზაცია არის ძალიან კონკრეტული რამ, შენ გეუბნებიან, რომ ვიღაცეები არიან ოლიგარქები, ისინი აღარ უნდა იყონ ოლიგარქები. მაგალითად, ავიღოთ კეზერაშვილის შემთხვევა, რომელიც, ყველამ ვიცით, არის ოლიგარქი. თვითონ აღიარა. კეზერაშვილი აცხადებს, რომ არის ოლიგარქი, მას აქვს ბევრი ფული და ამ ფულს დებს ქართულ პოლიტიკაში, აფინანსებს პარტიებს, ენჯეოებს და ტელევიზიებს. ყველამ ვიცით ეს. ტელევიზიების შემთხვევაში ზუსტი თანხები შემიძლია გითხრათ, მილიონებზეა საუბარი, თვეში ალბათ რამდენიმე მილიონი ლარი გამოდის, რასაც ხარჯავს, მაგრამ წლის განმავლობაში არის მილიონობით ლარზე საუბარი, რასაც ხარჯავს მედიის, პარტიების და ე.წ. ენჯეოების დასაფინანსებლად.
სათითაოდ პარტიას უწევს ამის უარყოფა, იმიტომ, რომ კანონს ეწინააღმდეგება პარტიის დაფინანსება, როცა პარტია ფინანსდება, ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს დეკლარირებული, მაგრამ კეზერაშვილს არ აინტერესებს ეს.
კეზერაშვილმა აღიარა კანონდარღვევაც, იმიტომ, რომ კვიპროსშია და ისედაც დევნაა მასზე გამოცხადებული. აქ როცა არის პარტია, რა თქმა უნდა, იმას უჭირს ამის აღიარება, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი იყო პარტიები, რომლებმაც აღიარეს. „გირჩმა“ მაგალითად, თუ არ ვცდები აღიარა, რომ თავის დროზე ჰქონდა დაფინანსება, მერე თქვა, ახლა არ ვიღებთო. ეს აღიარებები არსებობს. ანუ, არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ არის ოლიგარქი, აქვს ძალიან ბევრი ფული, აფინანსებს პარტიებს, ენჯეოებს და მედიასაშუალებებს. ამ ე.წ. სისტემური მიდგომით, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, ამ პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრი. პერსონალიზებული მიდგომა გულისხმობს რას, შენ აიდენტიფიცირებ ადამიანს ოლიგარქად და მის მიმართ აწესებ იმაზე მეტ შეზღუდვას, ვიდრე შეიძლება მოქმედებდეს სხვა პირის მიმართ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.