15-06-2023
დღემდე, უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს დანიშნული, მაშინ, როდესაც ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევიათ ელჩი. აქ, რა თქმა უნდა, ჩანს გლობალური ომის პარტიის გავლენები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა, საქართველოში მღელვარების გამოწვევისკენ იყო მიმართული.
"როდესაც ელჩი გამოიწვიეს აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზით გაუგებარ დროს, მაშინაც გლობალური ომის პარტიის გათვლა იყო, რომ ზელენსკის ეს ფადაწყვეტილებასაქართველოში გამოიწვევდა ვნებათაღელვას , თუმცა, რეალურად ეს ასე არ მოხდა. გაუგებარი მიზეზების გამო, დღემდე არ არის ელჩი საქართველოში, ასეთ დროს, ძალიან ბევრი რამის ახსნა არის ძალიან რთული" - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
კობახიძის თქმით, უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებებიც ისმის, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინელი ხალხის და მათი ინტერესების ერთგული რჩება.
"გაგახსენებთ, რომ ჩვენ გვესმის მეორე ფრონტისკენ მოწოდებები და ამას აკეთებს არა ვიღაც რიგითი უკრაინელი პარლამენტარი, ამას აკეთებს უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც არის მესამე-მეოთხე კაცი უკრაინის ხელისუფლებაში, ამას აკეთებს უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი - პოდოლიაკმა გააკეთა ეს განცხადება. თან მოგიწოდებენ მეორე ფრონტისკენ, თან გაიწვიეს ელჩი, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევისკენ იყო მიმართული, თან არ აგზავნიან მოწვევებს - ეს აბსოლუტურად გაუგებარია და ბუნებრივია, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩვენ ვრჩებით უკრაინელი ხალხის, ამ ქვეყნის ერთგული, ჩვენ ვართ იმ იდეის ერთგული, რასაც ჰქვია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ბოლომდე დავიცავთ ამ ინტერესებს" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.