გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მიზანია, რეგიონები გავაძლიეროთ, რათა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება

15-06-2023

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მნიშვნელოვნადაა შემცირებული სიღარიბე და უმუშევრობის მაჩვენებელი, ჯერჯერობით რეგიონების წილი ეკონომიკურ აქტივობაში მაინც შეზღუდულია. ჩვენი მიზანია, რეგიონები ეკონომიკურად გავაძლიეროთ, რათა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება და მეტი ინკლუზიურობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ კონფერენციაზე "ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გაძლიერება საქართველოში" სიტყვით გამოსვლისას.


მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიმართულია რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. „მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამების პარალელურად, ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" დაიწყო რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების განვითარება. ისინი ხელს შეუწყობს რეგიონებში სამეწარმეო და ბიზნეს უნარების განვითარებას და გაზრდის ხელმისაწვდომობას ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეებისთვის საკონსულტაციო მომსახურებებზე," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ვახტანგ ცინცაძემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და პროექტზე „Log-In Georgia", რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განვითარებას, მომსახურების ექსპორტსა და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მისი თქმით, რეგიონებში ასევე აქტიურად ვითარდება ინოვაციების ხელშემწყობი ეკოსისტემა, რაც ახალ შესაძლებლობებს უხსნის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს. „ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 8 ინოვაციური ცენტრი, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ წვდომა ჰქონდეთ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნან თანამდეროვე ინოვაციური პროდუქტი, აწარმოონ ბიზნეს საქმიანობა, მიიღონ პირველადი ცოდნა ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ და აქციონ ინოვაციური იდეა ბიზნესად," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.


მინისტრის მოადგილემ რეგიონებში ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთ კატალიზატორად ტურიზმის სფეროში მიმდინარე აქტივობები დაასახელა. მისი თქმით, ტურიზმის შემდგომი განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც სექტორიდან მიღებული შემოსავლების დამატებული ღირებულების ზრდას შეუწყობს ხელს.