16-06-2023
„იმ სამხედროებად წოდებულმა, მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები მიატოვეს, ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ. ეს ლაჩრები იგულისხმა, ვინც ეს გააკეთა და არა შინდისის გმირები ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„როდესაც ხარ აბსოლუტურად გამოცარიელებული თავით და ინტელექტით და არ გაგაჩნია ხედვა, არ გაგაჩნია იდეა, რასაკვირველია, რაღაც სიტყვას შეიძლება გაეკიდო. თორნიკე რიჟვაძემ ძალიან კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა. მთავარსარდალმა, რომელმაც სამწუხაროდ მთელი მსოფლიოს თვალწინ და იქვე, სტუმრების თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როდესაც შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა.
მიწაზე მოხოხიალე მხედართმთავარი არის ლაჩარი. ადამიანებმა, ვინც მიატოვეს თავისი მებრძოლები ბრძოლის ველზე და მილიონერები გახდნენ - ისეთები, რომლებიც ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლება უქონელი ადამიანი გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი, ისინი იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ.
ის ადამიანები იგულისხმა, ვინც გენერალ ბორისოვს დაუდგნენ მძღოლებად, ის ადამიანები იგულისხმა, ვინც ეღლიცინებოდნენ, რომ 50 ათას ლარს მოგცემთ და სტალინის ძეგლს ბომბი ესროლეთო, სხვადასხვა ფარისევლური მოქცევის მქონე ადამიანები იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.