16-06-2023
„განახლებადი ენერგიების ათვისება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ეს რესურსი ჭარბად გვაქვს და მისი ათვისება უპირობოა. ამასვე ემსახურება მთავრობის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის შემოღება, რათა ინვესტორებს მივცეთ საშუალება, დაგეგმონ გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება USAID - ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.
რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოში მწვანე ენერგეტიკის შემდგომ განვითარებას, რაც ითვალისწინებს ინვესტიციების მოზიდვას არა მხოლოდ ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკაში, არამედ ქარის, მზის, ბიომასის, წყალბადის და სხვა არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებაში. მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა ბიზნესის ინტერესი სიმძლავრეთა მხარდაჭერის პირველ აუქციონზე და იმედი გამოთქვა, რომ მეორის დროს, რომელიც მალე გამოცხადდება, კერძო სექტორის დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
რომეო მიქაუტაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის სტრატეგიულ პროექტზე, რომლითაც საქართველო და სამხრეთი კავკასია ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელს დაუკავშირდება. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი სტიმული იქნება საქართველოში მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის.