16-06-2023
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის ორგანიზებით, 2009 წლის 9 ნოემბერს, ძალადობის გამოყენებით და მუქარით, რუსთაველის გამზირზე მდებარე აფთიაქიდან ბიზნესმენი მოიტაცეს, იძულებით მოათავსეს ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ „ზაჰესში" მდებარე საბაჟო ტერმინალში გადაიყვანეს. ბრალდებულები იარაღის გამოყენების მუქარით და სხვა უკანონო მეთოდებით მოითხოვდნენ დაზარალებულისგან ქონების დათმობას და მათთვის სასურველ პირზე გადაფორმებას. დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისუფლებააღკვეთილ პირს, მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისათვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, წარუდგინეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას.
აღნიშნული მიზნით, საბაჟო ტერმინალში მიიყვანეს ნოტარიუსიც. ბრალდებულების დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულმა მისი კუთვნილი საწარმოს 30%-იანი წილი და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, გადააფორმა ერთ-ერთი მოქალაქის სახელზე ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დანაშაულის ორგანიზატორი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლითა და 24, 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, 2012 წლის ამნისტიის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მეორე ბრალდებული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იქნა ცნობილი დამნაშავედ და 2012 წლის ამნისტიის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.