20-08-2018
17-საათიანი ყოფნის შემდეგ, გორმედში მამაკაცი გარდაიცვალა. 1958 წელს დაბადებული გიორგი წკრიალაშვილი გუშინ დილის 4 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა. პაციენტის სიკვდილი კი საღამოს დაახლოებით 21 საათზე დადგა.
,,ეხვეწებოდა სასწრაფოს ექიმებს, ჰოსპიტალში მიმიყვანეთო. იმათ კიდევ უთხრეს, გორმედი უფრო ახლოსააო. 9-ის ნახევარი არც იყო ჯერ, წეღან ტელეფონითაც მესაუბრა" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ძმამ, დავით წკრიალაშვილმა.
მისი თქმით, მომხდარი ფაქტი აუცილებლად ბოლომდე იქნება გამოძიებული და შესაბამისი პირები კი პასუხისგებაში მიცემული.
60-წლის მამაკაცს დილის 4 საათზე მუცელი ასტკივდა. ახლობლებს საავადმყოფოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა მოწამვლის ნიშნებს. გარდაცვალების შემდეგ კი, ექიმების დასკვნით, თავი იჩინა გულის პრობლემებმა.
გარდაცვლილის ძმა ოფიციალურ დოკუმენტაციას ელოდება. ამჟამად, ცხედარი პროზექტურაშია მოთავსებული. გიორგი წკრიალაშვილის ცხედარს სოფელ შავშვებში დილით გადაასვენებენ.
შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოძიება 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყეს.