19-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი, სამხრეთ კორეელი და აზერბაიჯანელი არქეოლოგების მონაწილეობით სამმხრივი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებს, თსუს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა.
შეხვედრაზე რექტორმა უცხოელ კოლეგებს უნივერსიტეტისა და ქვეყნის ისტორია გააცნო და არქეოლოგიის, როგორც სამეცნიერო მიმართულების წარსულსა და დღევანდელ მიღწევებზე ისაუბრა.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა შესაძლოა გახდეს არქეოლოგიაში სრულიად ახალი მიღწევებისა და შესაძლებლობების საშუალება, რომელიც გაფაროვდება და გაღრმავდება სხვა დარგებშიც“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
შეხვედრას საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტონგ-ოპ კიმი, კორეელი და აზერბაიჯანელი მეცნიერები და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ერეკლე ასტახიშვილმა მიმართა და უცხოელ კოლეგებს რუსთაველის ფონდის ჩართულობითა და მხარდაჭერით საერთო პროექტები შესთავაზა.
კონფერენციაზე კორეის იონსის უნივერსიტეტის პროფესორმა იონგ-ბაე პარკმა წარმოადგინა მოხსენება ღვინის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოში ღვინის კულტურის უძველესი ტრადიცების არსებობას და აღნიშნა, რომ არქეოლოგიისა და სხვა დისციპლინების მიმართულებითაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
სამუშაო შეხვედრები ორი დღე გაგრძელდება, პირველ დღეს კონფერენციის მონაწილეები წარმოადგენენ მოხსენებებს არქეოლოგიის მიმართულებით და მეორე დღეს დელეგაციის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და გრაკლიანი გორას დაათვალიერებენ.