20-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს ისტორიულ კონტექსტში, ასევე, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის საერთო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს. როგორც რექტორმა აღნიშნა, უნივერსიტეტი დაარსების დღიდან განსაკუთრებულად ზრუნავს ბერძნული ენისა და კულტურის შესწავლასა და განვითარებაზე საქართველოში.
თავის მხრივ, საბერძნეთის ელჩმა საქართველოში მარია თეოდორუმ იმ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართულ და ბერძნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებობს.
თსუ რექტორმა გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით გაიღრმაოს ცოდნა. აქვე აღინიშნა საბერძნეთთან დაკავშირებული იმ ისტორიულად საინტერესო მასალების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში ინახება. რექტორის თქმით, ეს ნამდვილად ღირებული იქნება იმ ბერძენი მეცნიერებისთვის, ვინც ამ სფეროს კვლევით არის დაინტერესებული.