20-06-2023
უნივერსიტეტის ენციკლოპედიის შექმნის მიზნით, თსუ-ში სარედაქციო კოლეგიის შეხვედრა გაიმართა. კოლეგიის წევრებმა, თსუ რექტორის, აკადემიკოსი ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით ენციკლოპედიის კონცეფციის შემუშავებაზე, მის ფორმასა და შინაარსზე იმსჯელეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
„ვფიქრობ, უნივერსიტეტის ენციკლოპედია მნიშვნელოვანია, რადგან მომავალმა თაობამ გაიცნოს ის ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის ისტორიას ქმნიან.
ენციკლოპედიის შექმნით, გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნეში ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა უნივერსიტეტს და ყველა სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ უნივერსიტეტმა შეიტანა“, - განაცხადა თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
თავის მხრივ, უნივერსიტეტის პროფესორებმა აღნიშნეს, რომ ენციკლოპედიის შექმნის ინიციატივა მათთვის მისასალმებელია და თავიანთ სტუდენტებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესში.
„როგორც უნივერსიტეტის ცხოვრება გრძელდება, ისე უნდა გაგრძელდეს ეს ენციკლოპედიაც. მას არ ექნება დასრულებული სახე და დროსთან ერთად შეიქმნება კიდევ ახალი გამოცემები“ , - განაცხადა თსუ პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლები, თსუ პროფესორები, ფაკულტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები, რექტორმა მათ უკვე გააცნო ენციკლოპედიასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები და სთხოვა, ამ კუთხით მუშაობის დაწყება. ენციკლოპედიის შექმნის პროცესში, ასევე, მონაწილეობენ თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ზურაბ გაიპარაშვილი და ბიბლიოთეკის თანამშრომლები.