20-06-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა Twinning - ის პროექტის „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" დასრულების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ საქართველოს სარკინიგზო სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე სარკინიგზო რეფორმაზე, რომლის მთავარი ამოცანაა ევროკავშირის დირექტივებზე დაყრდნობით ახალი ნორმატიული ბაზის შექმნა და ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირება სარკინიგზო უსაფრთხოებისა და დარგის რეგულირების მიმართულებით. მისი განცხადებით, TWINNING-ის პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რკინიგზის რეფორმის ეფექტურად განხორციელებასა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემდგომი შესრულების უზრუნველყოფაში.
სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელების შედეგად, ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების ფარგლებში შეიქმნება სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი უსაფრთხოების ორგანო და ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებულ მოკვლევის ბიუროს დაემატება სარკინიგზო ინციდენტებისა და შემთხვევების მოკვლევის კომპონენტი.
პროექტის ფარგლებშიც განხორციელდა 56 მისია, 4 სასწავლო ვიზიტი და 3 სტაჟირება პოლონეთის სხვადასხვა სარკინიგზო ინსტიტუციებში. პროექტის მთავარი მიზანი ემსახურებოდა საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის კანონმდებლობასა და შესაბამის სტანდარტებთან დაახლოებასა და ამ მიმართულებით სარკინიგზო სექტორის გაძლიერების ხელშეწყობას.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, პოლონეთის საელჩოს, პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სს „საქართველოს რკინიგზის" მაღალი თანამდებობის პირები, ასევე TWINNING-ის პროექტის ლიდერები და ძირითადი ექსპერტები როგორც საქართველოდან, ასევე პოლონეთიდან.