21-06-2023
„ხალხისთვის პოლიტიკის წესები მანამდეა გასათვალისწინებელი, სანამ ორივე მხარე იცავს ამ წესებს და სანამ მოთმინების ფიალა აევსებათ. დღეს კი საზოგადოებას მოთმინების ფიალა უკვე აევსო და ცდილობს, იგივე ძალადობით უპასუხოს იმ ძალადობას, რაც ოპოზიციიდან მოდის, ეს კი საშიშ ფაზას უახლოვდება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის„ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, აგრესია, რომელიც ოპოზიციამ და მათმა ქომაგმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებისგან მიიღეს, მათივე შექმნილი პოლარიზაციის შედეგია.
„ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ სავალ გზაზე. საინტერესოა, პოლარიზაციაზე საუბრისას რომელ შემთხვევებს მოიყვანენ მაგალითებად? იქნება თუ არა მათ ჩამონათვალში ოპოზიციის მიერ ჩადენილი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ძალადობა და „ბულინგი“ ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ, რაც ხლეჩს და აპირისპირებს საზოგადოებას? ასევე იქნება თუ არა შენიშვნის სახით მითითებული ის გარემოება, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები არც ერთ განცხადებას არ აკეთებენ ამის შესახებ? მე ამას არ ველი, რადგან პოლარიზაციაც და საზოგადოების განხეთქილებაც სწორედ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი პროექტია.
მათი სურვილია, საქართველომ ვერ მიიღოს სტატუსი და ამასთანავე, პოლარიზაციის შედეგად მიღებული არეულობით, შეცვალონ ხელისუფლება. საინტერესო ის არის, რომ პოლარიზაცია, რაც ოპოზიციამ და მათმა ქომაგმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა შექმნეს საქართველოში, ისევ მათ მიუბრუნდათ ცუდად.
ზურა ჯაფარიძის ცემა, ლევან ბერძენიშვილის საჯარო შეურაცხყოფა თუ სხვა, შედეგია უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძისა და მისი სტუდენტების მიმართ მოწყობილი ძალადობრივი ქმედებისა, „ბულინგისა“ და შეურაცხყოფისა; შედეგია, ასევე, პრემიერისა თუ სხვა სახელისუფლებო პირების საჯარო შეურაცხყოფებისა; ოპოზიციური ლიდერების ღია მოწოდებებისა რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე, ძალადობაზე და, რაც მთავარია, პატრიარქსა და რელიგიურ გრძნობებზე.
ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი წყობიდან გამოიყვანონ და პასუხად უფრო ძლიერი ძალადობა მიიღონ. შედეგად კი ევროპიდან გაგვაკრიტიკონ, თითქოსდა დეპოლარიზაციას ხელისუფლება არ ცდილობს. ხალხისთვის პოლიტიკის წესები მანამდეა გასათვალისწინებელი, სანამ ორივე მხარე იცავს ამ წესებს და სანამ მოთმინების ფიალა აევსებათ. დღეს კი საზოგადოებას მოთმინების ფიალა უკვე აევსო და ცდილობს, იგივე ძალადობით უპასუხოს იმ ძალადობას, რაც ოპოზიციიდან მოდის, ეს კი საშიშ ფაზას უახლოვდება“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.