21-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ჩინეთის ლანძოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტ იან ჩუნჰუასა და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თსუ რექტორმა უცხოელ კოლეგებს უნივერსიტეტისა და ქვეყნის ისტორია გააცნო და გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების.
„ჩვენს უნივერსიტეტში დიდ ყურადღებას ვუთმობთ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ენების შესწავლას, ჩვენთან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სინოლოგიის პროგრამა მოქმედებს, რომლის სტუდენტებიც ჩინეთის საელჩოს დახმარებით გაცვლითი პროგრამებით სარგებლობენ. თუმცა ჩვენ გვაქვს სურვილი ეს თანამშრომლობა გაძლიერდეს განსაკუთრებით გაცვლითი პროგრამების სახით, რათა კიდევ უფრო მეტ სტუდენტს, პროფესორსა და მკვლევარს მიეცეს შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამების საშუალებით გაიღრმაოს ცოდნა,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს რექტორს მასპინძლობისთვის. ლანძოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა იან ჩუნჰუასმა თსუ-სა და მის რექტორს მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი სამეცნიერო, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თსუ-სა და ლანძოუს უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.