21-06-2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 8 პირი დააკავეს.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს - რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან - ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.