21-06-2023
მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი - 2023"-ის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და, ზოგადად, კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა. მისივე თქმით, მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
„მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო! მივესალმები მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ძვირფას ელჩებს, ჩვენს პატივცემულ სტუმარს თურქეთის რესპუბლიკიდან. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას. მოგეხსენებათ კარგად, რომ კიბერუსაფრთხოება არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და, ზოგადად, კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა. მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, ისევე როგორც საჯარო და კერძო სექტორის ყოველდღიური საზრუნავი, საგანი გახდა ბოლო პერიოდში.
ჩვენი ქვეყნის, როგორც ეკონომიკური ჰაბის, ფუნქციის ერთ-ერთ ნაწილს ციფრული ჰაბის როლიც წარმოადგენს. მოგეხსენებათ კარგად, ჩვენ ვავითარებთ შესაბამის ინფრასტრუქტურას და ასევე ტექნოლოგიურ კავშირებს ევროპასთან, და ეს ფორუმიც ამ თემისადმი მთავრობის ყურადღების ერთ-ერთი გამოხატულებაა,"- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კიბერუსაფრთხოების როლზე ისაუბრა.
„ძვირფასო მეგობრებო, კიბერუსაფრთხოების როლს რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში, ამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საგანმანათლებლო სისტემა, სახელმწიფო სერვისები, მთავრობის საქმიანობა თუ რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტექნოლოგიებთან. საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს ნაწილია და მსგავსი კიბერსაფრთხეების წინაშე დგას. ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
„რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით, - ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან - ევროკავშირთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა.
დაბოლოს, დასკვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, ეს თანამედროვე ციფრული საზოგადოებისა და სისტემების ზოგადად მდგრადობას უზრუნველყოფს.
კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. მე აღვნიშნე დასაწყისში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უკვე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაიზრდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატი, რისი მაგალითიც დღევანდელი ფორუმია.
კიდევ ერთხელ მე მინდა მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. მე მინდა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო და ფორუმის მონაწილეებს ვუსურვო წარმატებული დღე",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ფორუმის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებების ხელმძღვანელებმა - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურმა მდივანმა სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუმ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრმა ლეო დოქერთიმ და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარკ კლეიტონმა.
ორდღიანი ღონისძიება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და საერთაშორისო დონეზე, კიბერკომპონენტის საშუალებით, საქართველოს პოზიციონირების გაძლიერება.
კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კიბერშესაძლებლობების გაძლიერება, მთავარი გამოწვევები კიბერმედეგობის გაძლიერების საკითხში, კიბერსაფრთხეების გლობალური სურათი, კიბერდიპლომატია და საერთაშორისო თანამშრომლობა, შავი ზღვის რეგიონის ხედვა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თანამედროვე ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები პარტნიორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან (ნატო, ევროკავშირი, ეუთო, თურქეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი, უკრაინა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი და კიბერექსპერტიზის გლობალური ფორუმი) და ასევე დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.