22-06-2023
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, მისთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის სექტემბერში, ცალკეულმა საჯარო მოხელეებმა ჯ.თ-ს კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ დედამისს რ.თ.-ს დაბა წყნეთში მდებარე მისი კუთვნილი 1000 კვ. მ მიწის ნაკვეთი დაეთმო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს არ გადასცემდნენ, რ.თ-ს პატიმრობა ემუქრებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რ.თ-ს მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობდა. საჯარო მოხელეთა ამგვარი ზეწოლის შედეგად, ჯ.თ-მ სამართალდამცავი ორგნოების მხრიდან შესაძლო ხელოვნური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რ.თ-სგან მიღებული მინდობილობის საფუძველზე ზემოაღნიშნული უძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო. სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შემდგომ მიწის ნაკვეთი თვითმართველი ერთეულის ბალანსზე აღირიცხა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ. თ-ს ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით ჰქონდა რეგისტრირებული და მისი ჩამორთმევის რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
დეპარტამენტი მიმართავს შესაბამისს უწყებას, რათა დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდეს ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული აღნიშნული მიწის ნაკვეთი.