22-06-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტების გუნდს შეხვდა, რომლებმაც ჰააგაში გამართულ ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 46-ე საერთაშორისო რაუნდები საუკეთესო შედეგით დაასრულეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
წარმატებულ სტუდენტებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის პროგრამების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჯამური შედეგით (განმცხადებლის წერილობითი პოზიციისა და ზეპირი გამოსვლების ქულების ერთობლიობით) მე-2 ადგილი დაიკავა.
ამასთან, მოპასუხე მხარემ ზეპირი გამოსვლის კომპონენტში დაიკავა საპრიზო მე-2 ადგილი, ხოლო მოსარჩელის წერილობითმა პოზიციამ მე-3 ადგილი.
ტელდერსის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი, 1977 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს წარმოადგენს.
თსუ-ს გუნდი დააკომპლექტა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა. გუნდის წევრები იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები არიან - თათია ბიწაძე, თამარ ვარდიაშვილი, ნიკოლოზ ნურაშვილი და ნინო ახალაძე.
გუნდის მწვრთნელია საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული ქეთევან ჩაფიაშვილი, რომელიც თავად არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილე და გამარჯვებულია. მომზადების პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი და საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებულები.
წელს საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობას იღებდა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 27 გუნდი. თსუ-ს გუნდმა საერთაშორისო რაუნდებში იასპარეზა ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, ესტონეთისა და თურქეთის გუნდების წინააღმდეგ.