გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპას ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ მედიაპლურალიზმის შეფასების კრიტერიუმები და ჩვენ გავუგზავნით რეალური მედიაპლურალიზმის ფაქტებს საქართველოდან

22-06-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით ევროკომისრის შეფასებას ეხმაურება. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, იმ ფონზე, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმთან შედარებით, დღეს, მედიასაშუალებებს თავისუფლად მუშაობის საშუალება აქვთ, ევროკომისრის შენიშვნები მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არა ობიექტურად, არამედ, პოლიტიკური ხასიათით მიიღება, რაც ევროპაში არსებული სამართლიანობის შესახებ აქამდე არსებულ წარმოდგენებს უარყოფითისკენ ცვლის.

 

„ევროპა თანდათან უფრო და უფრო გვაოცებს თავისი გადაწყვეტილებებით. რა კარგი ყოფილა, როდესაც ევროკავშირზე მხოლოდ ვოცნებობდით იდეალური წარმოსახვებით და რა იმედგაცრუებაა ასეთი კონკრეტული ფაქტები. მოუხედავად იმისა, რომ ევროკომისრის გამოსვლაში პოზიტიური შეფასებებიც იყო, გამაოგნებელი იყო ის შენიშვნები, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგალითად, მედიაპლურალიზმზე.

 

ამ სფეროში შეუძლებელია ვერ ხედავდე განსხვავებას მედიის უკიდეგანო თავისუფლების კუთხით წინა ხელისუფლებასთან შედარებით. თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რომ ევროპას არ აინტერესებს შედარებითი ანალიზი ძველსა და ახალ ხელისუფლებას შორის, მათთვის მთავარია დღევანდელი რეალობა, მაშინ გავაანალიზოთ დღევანდელი მედიაპლურალიზმი საქართველოში.

 

ვსვამ კითხვებს:

 

  1. რამდენი ოპოზიციური ტელევიზია, რადიო, სააგენტო, გაზეთი ან სხვა მედია-საშუალებაა საქართველოში და რომელ მათგანს აქვს არსებობის პრობლემა?

 

  1. სად და რომელი ჟურნალისტი შეავიწროვეს თავისუფალი სიტყვის გამო?

 

  1. რომელი ტელევიზია, გადაცემა ან მედიაპლატფორმა დახურეს კრიტიკული აზრის გამო? ახლა კი თავადვე მსურს პასუხების გაცემა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით: მე ჟურნალისტიკაში 30 წელი ვსაქმიანობდი და კარგად ვიცი, რა არის თავისუფალი სიტყვა და როგორია პროფესიული უფლებების შეზღუდვა. მსგავსი რამ დღეს საქართველოში არ არსებობს. პირიქით, თავისუფალი სიტყვა თავისუფალ თავხედობაში აქვთ გადაზრდილი ბევრ ჟურნალისტს.

 

მაგალითად, ნოდარ მელაძის „სიცრუის შაბათი“ პლურალიზმია თუ კრიმინალი? ან სხვა ოპოზიციური ტელევიზიების გადაცემებში უბინძურესი ცილისწამებები განსხვავებული აზრის მქონე პიროვნებების მიმართ რომელ დემოკრატიულ პრინციპებში წერია? კიდევ როგორ უნდა იძალადონ ჟურნალისტებმა ჩვენზე, რომ მედიაპლურალიზმი შესრულებულად ჩაგვითვალოს ევროპამ? იქნებ მიგვითითოს ვინმემ, რა უნდა გაკეთდეს იმაზე მეტი საქართველოში მედიაპლურალიზმის კუთხით, ვიდრე დღეს არის? ამაზე მეტი კი არა, ასეთი მედია-თავისუფლება, უფრო სწორად, მედია-თავხედობა, ევროპულ სახელმწიფოებშიც კი არ არის.

 

და თუკი ეს ირიბად ნიკა გვარამიას საქმეს გულისხმობს, მაშინ მთლად უარესი, ევროპას ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან კრიმინალი და მედიაპლურალიზმი. საბოლოოდ, ამ შეუთავსებელ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია მხოლოდ ერთი ანალიზი გავაკეთოთ - სტატუსის მონიჭება, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არაფერი აქვს საერთო თორმეტპუნქტიან გეგმასთან. დღევანდელი შენიშვნებიც და ალბათ მოსალოდნელიც შემოდგომაზე, ძირითადად ძველი თამაშის გაგრძელებაა. ევროპა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესად, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ანუ, დეკემბერში საქართველოს დიდი ალბათობით, დამსახურებულად სტატუსს მისცემენ“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.