23-06-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ქვედა პალატის თავმჯდომარე, შონ ო’ფარელი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას განათლების, მეცნიერებისა და კვლევების მიმართულებით.
გიორგი ამილახვარმა საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების ინიციატივა გამოთქვა, რომელიც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციას.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის მჭიდრო პარტნიორობის ხელშეწყობის საკითხებიც განიხილეს, ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.
საუბარი ასევე შეეხო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის გაღრმავებას – მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ Erasmus+ პროგრამის გაფართოების მიმართულებით ირლანდიის მხარე საქართველოს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
თავის მხრივ, ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ შონ ო’ფარელმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში.