25-06-2023
თქვენი არ ვიცი, ვის რა შეგრძნება გაქვთ, მაგრამ ქვეყანაში რეალური „შაჰიდი“ გვყავს! „ქვეყნის მთავარსარდალი იყო და იმ მომენტში, როდესაც რუსეთში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური ფარსი თავის გარდაუვალ ფინიშს უახლოვდება, ბრიფინგზე გამოდიოდე „მე ვარ პრიგოჟინის“ მანტიით და შენთვის (ვიყოთ გულახდილები) უცხო საქართველოში ლამის საომარ მოქმედებებს აცხადებდე, უკვე საშიში ხარ! “ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები არ შეესაბამება იმ გარემოებას, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი, ეს კი ძალიან სამარცხვინოა.
„ამას ცალკე რომ არ დავუთმო ჩემი ძვირფასი დრო, არ გამოვა. საკუთარი ქვეყანა „გეკიდოს“ - ნუ, ხდება ხოლმე. მნიშვნელოვან საკითხებს - შეწყალების კომისიის „შტატგარეშე“ წევრი ფონ კრამონი გიწყვეტდეს, ესეც გასაგებია(?). ინტერნეტში მაინც არ იხედებოდე და უცნაურ „მრჩეველთა“ კოლექტივი გყავდეს, რომლებიც შენსავით ტყემალზე სხედან - ეს „ნიჩევო“, კიდევ ჯანდაბას. მაგრამ ქვეყნის მთავარსარდალი იყო და იმ მომენტში, როდესაც რუსეთში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური ფარსი თავის გარდაუვალ ფინიშს უახლოვდება, ბრიფინგზე გამოდიოდე „მე ვარ პრიგოჟინის“ მანტიით და შენთვის (ვიყოთ გულახდილები) უცხო საქართველოში ლამის საომარ მოქმედებებს აცხადებდე - უშიშროების საბჭოს დაბარება, საზღვრების ჩაკეტვა, ვიზების დაწესება, მობილიზაციის გამოცხადება... - შენ უკვე რეალურად საშიში ხარ! შარი ხარ, მადამ პღეზიდანო, და ეს არის კოშმარი და კატასტროფა, „მონ ძიე“! თქვენი არ ვიცი, ვის რა შეგრძნება გაქვთ, მაგრამ ქვეყანაში რეალური „შაჰიდი“ გვყავს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.