1-12-2017
ბიძინა ივანიშვილის სურვილით, ქობულეთი-ხუცუბნის გზაზე ასწლოვანი ევკალიპტები იჩეხება - ყოფილი პრემიერის აგარაკზე გადასატანად გამზადებული ხუთი ხე სწორედ იმ გზით უნდა გადაიტანონ და ამიტომ ხეები იჩეხება.
კომპანიის წარმომადგენლების ნაწილი ადასტურებს, რომ ხეების გაჩეხვის ნებართვა ქალაქის მერიისგან მიიღო.
„დამავალეს და ვაკეთებ, მეტი არ ვიცი... სოფლის გამგებელმა დამავალა, ანუ სახელმწიფომ მოაჭრევინა და მე გამოვართვი შეშად,“ - აცხადებს ერთ-ერთი მუშა.
ევკალიპტების გაჩეხვას აპროტესტებს ოპოზიცია.
„ხელთ მაქვს ინფორმაცია, რომ ნებართვა გაცემულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის მიერ, სადაც ლაპარაკია, რომ თოვლის მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას. ეს ფაქტი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს, რომ მის მიერ შეძენილი ხეები უსაფრთხოდ გადაადგილდეს მის სამფლობელოში,“ - აცხადებს ქობულეთის საკრებულოს „ენმ“-ის წევრი ლელა ბერულიძე.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ევკალიპტების გაჩეხვას კავშირი არ აქვს ბიძინა ივანიშვილთან და ხეების მოჭრა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოხდა ქობულეთი-ხუცუბნის გზის გასწვრივ მდებარე ხეების შესწავლა. გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის სეზონი მოახლოებულია და ამ მონაკვეთზე არის ინტენსიური მოძრაობა, როგორც საავტომობილო, ისე ფეხით მოსიარულეთა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოხდეს აღნიშნული ხეების გადაბელვა,“ - აცხადებს ქობულეთის მერის პირველი მოადგილე სულხან მოწყობილი.
წყარო: "გურიის მოამბე"