გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალაქ სეულში „ქართული ღვინის საღამო“ გაიმართა

26-06-2023

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.


ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, „ქართული ღვინის საღამოს“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშპაპასქუა ესწრებოდნენ.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას განახორციელებს როგორც სამხრეთ კორეაში, ასევე, აშშ-სა და გერმანიაში. სეულში გამართულმა ღონისძიებამ ქართველ მწარმოებლებს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალების, ღვინის იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია“, - განაცხადა იური ნოზაძემ.


როგორც  ღონისძიებაზე კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა თარაშ პაპასქუამ აღნიშნა, კორეაში არსებობს ქართული ღვინის აქტიური მოხმარების რეალური პოტენციალი.


„ჩვენი საელჩო ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს, რომ ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას კორეის ბაზარზე. სეულში გამართულ „ქართული ღვინის საღამოს“ 20-მდე კორეული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც დაინტერესებული არიან კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტით და არსებული პოტენციალის ათვისებით“, - აღნიშნა თარაშპაპასქუამ.


„ქართული ღვინის საღამოზე“ ღვინის პროფესიონალების წინაშე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ღვინოების ინსტიტუტის დირექტორმა ჩან ჯუნ პარკმა მიმართა.


„კორეის რესპუბლიკის ღვინის ბაზარი საგრძნობლად გაიზარდა. ადგილობრივი იმპორტიორები და მომხმარებლები უფრო მეტად დაინტერესდნენ დასავლეთ ევროპის, ასევე, საქართველოს ღვინოებით. ისინი დარწმუნდნენ, თუ რამდენად მიმზიდველია ქართული ღვინო. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები სულ მეტ ინტერესს იჩენენ ქართული ღვინის მიმართ, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული კამპანიების შედეგია. ქართულ ღვინოს კორეის ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია“, - აღნიშნა ჩან ჯუნ პარკმა.


ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ასოციაციის „ქართული ღვინო“ კომუნიკაციებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ტატა ჯაიანმა წარმოადგინა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განხილვის, ასევე, საქართველოს ღვინის ექსპორტის სტატისტიკისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის პრიორიტეტულ ბაზრებად განისაზღვრა შეერთებული შტატები, გერმანია და სამხრეთ კორეა. მიმდინარე წლის მაისში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენის პირველი ღონისძიება სწორედ სეულში გაიმართა.