26-06-2023
ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში - „გამჭვირვალობა ომის დროს" - გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე- 17 ადგილზე დაწინაურდა.
საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ 4 სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
საქართველო რეიტინგში უსწრებს კანადას, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, შვეიცარიას, ირლანდიას, ისლანდიას, დანიას, ჩეხეთს, პორტუგალიას, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, საბერძნეთს, ბელგიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, კვიპროსს, სამხრეთ კორეას.
ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, „ანგარიში იკვლევს მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, სთავაზობს რეალურ გამჭვირვალობის ზომას 143 ქვეყნისთვის. ინდექსის შეფასების ქულა ზომავს ფაქტებით და არა აღქმით მანძილს, თუ სად არის ქვეყანა და სად უნდა იყოს ის რეალურ გამჭვირვალობაზე ანგარიშვალდებულებისთვის მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის კრიტერიუმების გამოყენებით."
რაც შეეხება ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსს", ის უცვლელი დარჩა და საქართველო 6,72 ქულით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და ყველა დანარჩენს უსწრებს.
ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში, უმაღლესი ქულა შეესაბამება კორუფციის კონტროლის მაღალ დონეს, დაბალი ქულა კი კორუფციის სუსტ კონტროლს. ინდექსი იკვლევს სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციული ტვირთის დონეს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის მაჩვენებლებს.
ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის კვლევისა და განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამის მიერ.