26-06-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება თბილისში 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საქართველოს აისიტი კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. „ინკლუზიური ციფრული ტრანსფორმაცია გულისხმობს საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას იმ სარგებელსა და შესაძლებლობებზე, რომელიც მოაქვს ციფრულ ტექნოლოგიებს. ის შესაძლებლობას გვაძლევს ავითვისოთ ქართული ინოვაციური ეკოსისტემის პოტენციალი და ვუზრუნველყოთ მდგრადი ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ეკოსისტემა უნდა იყოს ღია, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებასა და იდეების გაცვლას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია რეგიონებში ციფრული ეკოსისტემის განვითარებაზე მეტი აქცენტის გადატანა, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს სამთავრობო ციფრული სერვისებით. მათ შორისაა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწის რეგისტრაცია, ბიზნესთან დაკავშირებული დისტანციური მომსახურება, ელექტრონული საგადასახადო პროცედურები და სხვ. „ჩვენ ვქმნით გარემოს მომავლის სტარტაპებისთვის და ვამზადებთ ინდივიდებს იმ უნარებითა და ცოდნით, რომლებიც აუცილებელია გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე ციფრულ ეპოქაში. ამისათვის, მეტ ყურადღებას ვამახვილებთ მომავლის პროფესიებში მეტი სპეციალისტის მომზადებაზე," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამების შედეგად დაფინანსებულმა 250-მდე სტარტაპმა, მოიზიდა 300 მილიონზე მეტი კერძო ინვესტიცია.
ფორუმის პარტნიორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის სექტორული ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს პროფესიული უნარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოში ბრიტანეთის საელჩო, გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), CARE Caucasus, ციფრული ტრანსფორმაციის საქართველოს კონსორციუმი, საქართველოს ინფორმაციისა და ტექნოლოგიური ანალიზის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ქრაუდფანდინგის ასოციაცია.