26-06-2023
"ოპოზიციის მხრიდან რაც ორი დღის მანძილზე ხდებოდა პოლიტიკურ თუ სოციალურ სივრცეში, ეს არის წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობა, სიბეცე და მტრობაა ქვეყნის ინტერესების მიმართ“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ოპოზიციის წარმომადგნლების მხრიდან ბოლოდროინდელ განცხადებებზე და რუსეთში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა.
როგორც სოზარი სუბარი აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის ომში ჩართვაზე გაკეთებული განცხადებები ქვეყნის მტრობაა.
„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რისი „პრო“ არიან არ ვიცი, მაგრამ ანტი ქართველები რომ არიან მთელი თავისი შეგნებით, ქმედებით და ცხოვრებით - ეს ცხადია, ინტელექტთანაც რომ მწყრალად არიან და არანაირი ანალიზის უნარი არა აქვთ, ესეც ცხადია. ახლაც, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ - როდესაც, ამბოხება თუ რაღაც ხდებოდა ყაზახეთში.
დღემდე ზუსტად არ ვიცი, რა იყო, მაგრამ ორი ვერსიაა - ძალიან დიდი ალბათობით, ეს იყო რადიკალური ისლამისტურო ძალების ამბოხი კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ (მათი გამარჯვება რამდენ უბედურებას მოიტანდა ჩვენს რეგიონში, მე მგონი ამას დიდი ანალიზი არ უნდა), ან მეორე იყვნენ ექსპერტები (საერთაშორისო ექსპერტებს ვგულისხმობ და არა ჩვენს მეზღაპრეებს), რომლებიც ამბობდნენ რომ შესაძლოა რუსეთიდან ყოფილიყო მართული, მაგრამ უფრო რადიკალური ისლამის თემა იყო.
მაშინ როგორი აღტაცება იყო იგივე ამ ოპოზიციურ, ვითომ ექსპერტულ და არასამთავრობო წრეებში.
ლამის ილია ჭავჭავაძის ციტირება დაიწყეს - „ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გაგვაგონე ჩვენს მამულშიც“. წარმოუდგენელი ეიფორია სუფევდა და არასდროს ანალიზი არ კეთდება, რა ხდება სინამდვილეში?! უფრო ძველი ამბებიც მახსოვს, როდესაც „არაბული გაზაფხული“ იყო და რამდენი უბედურება მოყვა ამ „არაბულ გაზაფხულებს“.
არანაირი დემოკრატია - პირიქით მოხდა ვითარების გაუარესება, მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა, წასვლა ევროპაში და იქ სიტუაციის დამძიმება, ათეულობით ათასი მსხვერპლი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები. ჩვენი ოპოზიცია ყველაფერ ამას ერთი და იგივე ხბოს აღტაცებით ხვდება. განსაკუთრებით, როდესაც რუსეთზეა ლაპარაკი.
იცით რას ვერ ხვდებიან? მართლაც რომ რეალური საფრთხე ყოფილიყო და ეს არ ყოფილიყო კარის თამაშები (არ ვიცი სინამდვილეში რა იდგა ამის უკან), რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება იყოს მსგავსი არეულობა და გადატრიალება ქვეყანაში, როცა ერთ ქვეყანაში, რომელშიც არის 13 ათასი ბირთვული ქობინი და ამ დროს სხვადასხვა მხარეს შეიარაღებული ძალები დგას. როდის შეიძლება გაისროლონ, ვინ შეიძლება გაისროლოს (ან სად და რომელ ტერორისტული დაჯგუფების ხელში შეიძლება აღმოჩნდეს ეს ბირთვული ქობინები), რომლებიც მზად არიან გადაიხადონ უზარმაზარი ფული ამაში.
ამ საფრთხეზე რომ არ ფიქრობდეს ოპოზიცია, ეს წარმოუდგენელია. თან სად? ჩვენს მეზობლად, როდესაც შეიძლება პირველი საფრთხე დაგვემუქროს. ჩვენს ოპოზიციას ტელევიზიით რომ ვუსმენთ მაინც სხვაა და ამოვბეჭდე მათი მოწოდებები და ერთად გადავხედოთ თუ რა ხდებოდა?! მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ქვეყნის გაერთიანებისთვის ემზადება. სალომე ზურაბიშვილიც ხომ სრული არაკომპეტენტურობაა, თან სახელმწიფო უწყებებიდან ანგარიშის ჩაბარებას ითხოვს, რომელიც ყველა ანალიზით ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს (ამ შემთხვევაში არ მინდა სიტყვა აგენტი გამოვიყენო). ხაბეიშვილზე აღარ ვამბობ, რომელმაც ერთის მხრივ უცებ აღიარა, რომ ასი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და მათზე უნდა ვიზრუნოთ.
თან ამბობდა რომ საზღვრები უნდა ჩავკეტოთ, ფრენები უნდა ავკრძალოთ და თან ჩვენი მოქალაქეები შემოვუშვათო სასწრაფოდ - ეს ხომ წარმოუდგენელია. გახარია, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებაზე გველაპარაკება და გვახსოვს, რა მშვიდობას ინარჩუნებდა ერთ ციცქნა ტერიტორიებზე პანკისში, რუსთაველზე რეებიც მოაწყო და რამდენჯერ.
საქართველოს გაერთიანებისთვის და ომისკენ მოწოდებები ხომ ძალიან ბევრი იყო. ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო ბატონი გია გეწაძე (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დღეს მაღალჩინოსანი უკრაინაში და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი), რომელმაც უკვე გადაანაწილა რუსეთის ტერიტორიები, ყუბანი მისცა უკრაინას, სოჭი და მთელი რიგი ტერიტორიები საქართველოს დაუბრუნა, სახმელეთო საზღვარი აღადგინა ჯერჯერობით უკრაინასთან და შეიძლება ცოტა დრო რომ ჰქონოდა, რეჩპოსპოლიტას აღადგენდა და იმასთანაც სახმელეთო საზღვარი ექნებოდა საქართველოს. ეს არის წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობა, სიბეცე და მტრობაა ქვეყნის ინტერესების, რაც ორი დღის მანძილზე ხდებოდა ჩვენს პოლიტიკურ თუ სოციალურ სივრცეში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.