გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი ამილახვარი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

28-06-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლების სხვადასხვა საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, მინისტრმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. გიორგი ამილახვარმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების პროცესზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.


„შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობას და მიმდინარე ერთობლივ პროექტებს.


მინისტრმა ოლივერ ვარჰეის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის უნიკალური პროექტის – აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის შესახებ. მისი თქმით, ევროპული სკოლის იდეის განხორციელება, რომელიც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო დაწესებულების დაარსებას ითვალისწინებს, არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.


მხარეებმა უმაღლესი განათლების კუთხით დაგეგმილი სიახლეებიც განიხილეს და Erasmus-ის პროგრამის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.


ევროკომისართან გიორგი ამილახვარმა ქართველი სტუდენტებისთვის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებაზე ისაუბრა. კერძოდ, მინისტრმა იმ მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს იმავე პირობებით სარგებლობის საშუალებას მისცემს, რითაც ევროპელი სტუდენტები სარგებლობენ.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიას, რომლის შემუშავების პროცესშიც ევროკავშირი აქტიურად იყო ჩართული. გიორგი ამილახვარმა ევროკომისიისგან სტრატეგიის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ მადლობა გადაუხადა მინისტრს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერა აღუთქვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საქმეში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების დასაჩქარებლად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.