1-12-2017
დაპირისპირება მოხდა რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.
ერთმანეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გაგრძელდა:
კოტე შარაშენიძე: "მოიქეცი ისე, მოვედი, გთხოვეთ, რომ ვითანამშრომლოთ ნორმალურად-მეთქი. ვესაუბრე გუშინ საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ ვინმეს დაკომპლექტებაში, ან რამე თქვენს საქმეში ჩავრეულიყავი. მე არ ჩავერევი არასოდეს იმ საქმეში, რაც მე არ მეხება. 10-დან ათ შემთხვევაში გამგებელიც, გუბერნატორიც, მერიც ყველანაირად ერეოდა საკრებულოს საქმიანობაში. მე აქ შემოვედი მშვიდობიანად და ნუ მიბრუნებ ენას. პროვოკაციებს დაანებე თავი. მომისმინე გიორგი ერთი წუთით"...
გიორგი ღურჯუმელიძე: "რა გაყვირებს რომ ყვირიხარ, მშვიდობიანად ვარ მეც. წესიერად ილაპარაკე".
კოტე შარაშენიძე: "გეუბნები ჭკვიანად იყავი. ნუ პროვოკატორობ, ნუ იგინები ბიჭო...".
გიორგი ღურჯუმელიძე: "რა ლაპარაკია ეს? ?
კოტე შარაშენიძე: "ჭკვიანად იყავი, შენ რომ არ დაგეწყო ეს პროვოკაცია, მე არაფერს არ ვიტყოდი.
გიორგი ღურჯუმელიძე: "თათბირს გარეთ ვილაპარაკოთ, ნახე დარბაზში რამდენი ადამიანია"..
კოტე შარაშენიძე: "ნუ მაწყვეტინებ საუბარს. მადროვე. ეს აქ დღეს არ უნდა მომხდარიყო. გაჩერდი ერთი წამით"
გიორგი ღურჯუმელიძე: "რატომ უნდა გავჩერდე"?
საუბარში საკრებულოს დეპუტატი ლელა საჯაია ჩაერთო და სიტუაცია ბიუროს სხდომაზე ამის შემდეგ განიმუხტა: "ბატონო გიორგი, შეიძლება არ გაქვთ თქვენ და ბატონ კოტეს ერთმანეთში ჰარმონული ურთიერთობა, მაგრამ, არავის არ უნდა მივცეთ იმის საფუძველი, რომ ასე განვითარდეს მოვლენები.
ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ მიმართა დარბაზში შეკრებილებს, რომ სხდომაზე მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს: "ჩემი სურვილია, რომ ამ სხდომაზე მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. უნდა მოვახერხოთ მშვიდად სხდომების ჩატარება და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა"-აღნიშნა დარჩიამ.
რაზეც ქალაქის მერის პასუხი იყო, რომ არასოდეს მისი მხრდან ადგილი არ ექნება ვინმეს შურაცხყოფას და რაიმე სახის პროვოკაციას, თუმცა არც არავისგან მსგავს არც მიიღებს და არც შეეგუება: "მე არასოდეს არ ვიკადრებ რაიმე ზედმეტს, არც საუბარში, არც ქცევაში. არც პროვოკაცია, არც შეურაცხყოფა და ამას არ ვაპატიებ არავის. რაც ვთქვი იმას შევასრულებ, ვინ გადაწყვეტს, რომ ასე პროვოკაციულად მომიდგეს"-აღნიშნა შარაშენიძემ.
წყარო: "გურიის მოამბე"