გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში შალვა ახალციხელის ხსენების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

30-06-2023

დღეს, 30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე, ქალაქ ახალციხეში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.


ქალაქის მთავარი დღესასწაული, წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა აღავლინეს. სასულიერო პირებმა, ტაძარში შეკრებილებს, ახალციხის მცხოვრებლებსა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცეს და შალვა ახალციხელის ღვაწლზე ისაუბრეს.


საზეიმო წირვას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მეზობელი მუნიციპალიტეტების მერები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მრევლი.


წმინდა შალვა ახალციხელი გამორჩეული რაინდი და მეომარი იყო თამარ მეფის მხედრობაში. ერთგულების, სიმამაცის და უანგარო მსახურებისათვის მეფემ მას მანდატურთხუცესობა უბოძა და ახალციხის მთავრად დანიშნა. სწორედ მის სახელს უკავშირდება შამქორის ბრძოლაში ძლევამოსილი გამარჯვება. მეფის ბრძანებით, 1204 წელს, ბასიანის ბრძოლაშიც შალვა ახალციხელი წინამძღოლობდა ქართველთა მხედრობას, ძმასთან ივანე ახალციხელთან ერთად.

მოგვიანებით, თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს, საქართველოში დიდძალი ლაშქრით შემოიჭრა ჯალალედინი. გარნისის ბრძოლაში, მოწინავე მესხთა ლაშქარს კვლავ ძმები მეთაურობდნენ, რომლებსაც ბრძოლაში მაშველი ჯარი არ დაეხმარა და დამარცხების შედეგად ივანე ახალციხელი დაიღუპა, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს. ჯალალედინმა მას სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა, უარის გამო იგი საპყრობილეში ჩააგდეს და 1227 წელს წამებით აღესრულა. შალვა ახალციხელისადმი დიდი სიყვარულის გამო ხალხმა მას სიმღერა "შავლეგო" მიუძღვნა.


„ახალციხელობა 2023“ დღის მეორე ნახევარში ახალციხის ციხეზე გაგრძელდება, სადაც დაგეგმილია ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების და მესხური კულინარიული სამზარეულოს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დაჯილდოვდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტები და საპატიო ახალციხელები. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.