1-07-2023
აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის (AER, ერა) ვიცე-პრეზიდენტია. პირველად, ასამბლეის ისტორიაში, საქართველოს წარმომადგენელი გახდა ვიცე-პრეზიდენტი. აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრის ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევის საკითხი ბარსელონაში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის სიმპოზიუმსა და ბიუროს სხდომაზე გადაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ესპანეთში, კატალონიაში გამართულ ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ტიტე აროშიძე და დავით ბაციკაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ზაურ ახვლედიანი და ბათუმის საკრებულოს წევრი, როსტომ ხალვაში ესწრებოდნენ.
„ევროპის რეგიონთა ასამბლეის (ერა) სიმპოზიუმზე, რომელშიც ევროპის 140 რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აირჩიეს ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, ალბერტ კასტელანოს მადუელი. სიმპოზიუმზე, არჩევნების პარალელურად, განიხილეს საერთო გამოწვევები, შესაძლებლობები და განსაზღვრეს ერას პრიორიტეტები.
ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) 1985 წელს დაარსდა და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს დამოუკიდებელ რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1997 წლიდან ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია. გაწევრიანების შემდეგ რეგიონმა ისარგებლა ორგანიზაციის არაერთი პროგრამით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.